ნიუ-იორკის ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და სამშობლოსთან დაბრუნების სურვილზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:
„მაქსიმუმ ორ წელიწადში დავბრუნდები. შეიძლება უფრო ადრეც დავბრუნდე. 18 წელია, რაც აქა ვარ და უკვე გადავწყვიტე, რომ დაბრუნების დროა. ხათუნა ჟორდანიასაც ხშირად ვეუბნები, როგორც ჩვენი ჩამოსვლით გავახარეთ ამერიკა, ისე წასვლით გავახაროთ-მეთქი! ბავშვები კი მეუბნებიან, ცუცა მას, არ წახვიდე, ჩვენ როგორ უნდა დაგვტოვოო. მართლა ძნელი იქნება მათი დატოვება! მათ მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მაგრამ მეც ხომ მინდა ჩემს სამშობლოში, ჩემს ოჯახთან ახლოს ყოფნა? მინდა მალე დავბრუნდე და ვიდრე ჯერ კიდევ ძალა და ენერგია მაქვს, ჩემს ქვეყანას მოვახმარო, მით უმეტეს, ისეთი სიურპრიზი მომიწყო ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, რომ თავიდან ვერც ვიჯერებდი. ამ კომპანიას აქვს არაჩვეულებრივი იდეა: ყოველ წელიწადს ერთ ემიგრანტს ბინა გადასცეს, რომ ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ. პირველი იღბლიანი ემიგრანტი მე გავხდი. ამის შესახებ ნიკა წულუკიძემ ნიუ-იორკში გამართული სპექტაკლის შემდეგ რომ გამოაცხადა, სიხარულისგან კინაღამ გული გამიჩერდა! მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა და ჩემთან ერთად ტიროდა. მართალია, ჩემი პატარა ბინა სოლოლაკში ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ახალი ბინა მაჩუქეს. ყველაზე მეტად იცით, რა მახარებს? ამის თაობაზე არც ერთი ცუდი კომენტარი არ შემხვედრია. პირიქით, მწერენ, ნიუ-იორკში ისეთ კარგ საქმეს აკეთებ, რომ დაიმსახურეო. ბედნიერებაა, როცა შენს შრომას აფასებენ! მსახიობისთვის მაყურებლის სიყვარულზე დიდი ჯილდო არ არსებობს, ამიტომ დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ!“
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ „კვირის პალიტრაში“
