LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა გადატვირთული მოძრაობა თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა?!

გადაცემას ”ავტორაცია” დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძე და ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენელი ეკა ლალიაშვილი ესტუმრნენ.

– ქალბატონო ეკა, ვიცი, რომ ფეხით მოსიარულეთა თემასთან დაკავშირებით დიდი ხანია მუშაობთ და გარკვეული სტატისტიკაც გაქვთ. რა სურათი გვაქვს დღეს და თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

– დღეისათვის საქართველოში ქვეითების თემა საკმაოდ პრობლემურია. დედაქალაქში კონცენტრირებულია მანქანებისა და ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა. ამიტომ სხვა ქალაქებთან შედარებით მეტი გადატვირთულობის პრობლემა გვაქვს. სტატისტიკის მიხედვით დაშავების 60% სწორედ თბილისში ხდება. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების ფაქტებიც.

– თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

– პრობლემა ძალიან მარტივია – ტროტუარები გადატვირთულია. დღეს, თბილისი ფაქტობრივად არის ავტომობილების ქალაქი. ჩვენ ყოველდღიურად რკინისა და ადამიანის ბრძოლას ვაწყდებით. ასევე, არის გადასასვლელებისა და შუქნიშნების სიმცირე. გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემისა, გვაქვს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის პრობლემაც. ამაში ქვეითები და მძღოლები ერთნაირად დამნაშავეები არიან. სამწუხაროდ, ჩვენს მენტალიტეტში არ არის ქვეითისთვის გზის დათმობის კულტურა. რატომღაც ავტომობილის მძღოლები თავს უპირატესად მიიჩნევენ.

– ბატონო ვასილ, ვიცით, რომ ქალაქის ავტომობილებით გადატვირთულობის პრობლემა მერიის დიდი საფიქრალია. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

– მერია აქტიურად მუშაობს, რომ ქალაქში მოძრაობა მაქსიმალურად განტვირთოს. თუმცა, დღევანდელობას ეს ნაკლებად ეტყობა. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემას გარკვეულწილად მოვაგვარებთ. რაც შეეხება ქვეითებს, მერია ცდილობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. თუმცა, მნიშვნელოვანია მძღოლების ქცევის გაუმჯობესებაც. ამით უამრავ სავალალო შედეგს ავიცილებთ თავიდან.

– ბატონო ვასილ, როგორც ვიცი, სატრანსპორტო უსაფრთხოების კუთხით მერია მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. რა ცვლილებები გველის?

– ქალაქის თვითმართველობა ამუშავებს განვითარების გეგმას, სადაც მნიშვნელოვან ადგილს სატრანსპორტო მოძრაობა დაიკავებს. სულ მალე შემოვიყვანთ ახალ ავტობუსებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე იქნება ადაპტირებული.

– ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პარკირებაა. რა სიტუაციაა ამ მიმართულებით და რას ვაპირებთ?

– მერია ამ მხრივ ძალიან რთულ ვითარებაშია. როგორც იცით, რამდენიმე ადგილას აიკრძალა პარკირება, რამაც შემდეგ ავტომობილების ნაკადი სხვაგან გადაწია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა ადგილებში როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა სადგომების გაკეთებას. ასევე, როგორც ვიცი, ბევრი მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამს ”სითი პარკთან” დაკავშირებით. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივმართო ყველა მოქალაქეს: თუკი მიიჩნევთ, რომ თქვენ უსამართლოდ დაგაჯარიმეს ან თქვენი ავტომობილი დროებით ავტოსადგომზე უკანანოდ გადაიყვანეს – მიმართეთ მერიის ტრანსპორტის დეპარტამენტს. ჩვენ ფაქტს გამოვიძიებთ და თუ უკანონობა დაფიქსირდა, მოქალაქეს აუცილებლად დავეხმარებით.

აუდიოჩანაწერი