რაჭაში პირველ აგვისტოს მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი გაიმართება. როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, პირველ აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი „ფუძემზეობა“ გაიმართება.
ზეიმში მონაწილეობას მიიღებენ ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახალხო მთქმელები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. გაიმართება სხვადასხვა გამომცემლობების წიგნების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების წამყვანი ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორი, ჯგუფ „ეგარის“ წევრი, სახალხო არტისტი, ქორეოგრაფი დავით სხირტლაძე იქნება. ღონისძიებას დაესწრება პოეტი და ეთნოგრაფი ბადრი სულაძე და საზოგადოებას რაჭულ მოტივებზე დაწერილ საკუთარ წიგნს წარუდგენს.
ორგანიზატორების თქმით, სახალხო ზეიმი ტრადიციად დამკვიდრდება, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და რაჭას, თუნდაც მცირე ხნით, დაუბრუნდებიან ცნობილი რაჭველები და ერთად აღნიშნავენ “ფუძემზეობის“ დღესასწაულს.
