“ჰით ბათუმი 2015”-ის ფარგლებში, ბათუმში ქუჩის თეატრის დღეები დაიწყო. ახალი კვირეული “სპარკი!ლედ დრამერებმა” გახსნეს. მანათობელმა დრამერებმა სტარტი ბულვარის მთავარ შესასვლელთან აიღეს . კოსტუმირებული მსვლელობა ერთ საათს გაგრძელდა და ზღვისპირა ქალაქის ბულვარში მოსეირნე ტურისტებზე შთაბეჭდილება მოახდინა.
ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
ქუჩის თეატრის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკა მაზმიშვილის განმარტებით, წარმოდგენები ბათუმის კოლონადებთან, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება და უფასო იქნება:
“არაჩვეულებრივი მაყურებელია, თავიდანვე აიტაცეს სანახაობა. ყოველი საღამო იქნება საუკეთესო. ვისაც შეუძლია, ვინც ბათუმშია, ვურჩევ, არ გააცდინონ ქუჩის თეატრის საღამოები. დღეს ისევ 21:00 საათზე დაიწყება მსვლელობა”, – აღნიშნა ეკა მაზმიშვილმა.
ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრების განწყობაზე დღეს უკვე ბოლივუდის მსახიობები იზრუნებენ.
