ჯენიფერ ლოურენსი „ფორბსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგის სათავეში მოხვდა. 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით მან 52 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ლოურენსის შემოსავლის დიდი ნაწილი ფილმს „შიმშილის თამაშები“ და მოდის სახლთან Christian Dior თანამშრომლობას უკავშირდება. გასულ წელს ანალოგიურ რეიტინგში ლოურენსი მეორე ადგილზე გავიდა. მაშინ მოწინავე პოზიცია სანდრა ბალოკმა დაიმსახურა, რომელიც ამჯერად მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა 8 მილიონი დოლარით.
რეიტინგის მეორე ადგილზე სკარლეტ იოჰანსონი იმყოფება, რომელსაც შემოსვლის დიდი ნაწილი Dolce & Gabbana-ს რეკლამებმა და ფილმმა „შურისმაძიებლები: ალტრონის ერა“ მოუტანა. მისი წლიური გამომუშავება 35,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
მესამე ადგილი მელისა მაკარტიმ დაიკავა, რომელიც ამჟამად „მოჩვენებებზე მონადირეებში“ მონაწილეობს და რომლის წლიურმა შემოსავალმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ფორბსის“ ათეულში ასევე მოხვდნენ:
4. ბინბინ ფანი – 21 მლნ. დოლარი;
5. ჯენიფერ ენისტონი -16,5 მლნ. დოლარი;
6. ჯულია რობერტსი – 16 მლნ. დოლარი;
7. ანჯელინა ჯოლი – 15 მლნ. დოლარი;
8. რიზ უიზესპუნი – 15 მლნ. დოლარი;
9. ენ ჰეთევეი – 12 მლნ. დოლარი;
10. კრისტენ სტიუარტი – 12 მლნ. დოლარი.
