13 სექტემბერს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის მორიგ ღონისძიებას უმასპინძლებს. „ნატვრის ხე“ 2014 წელს დაარსდა და ორი მასშტაბური ღონისძიება გამართა, შეგროვებული თანხით კი 12 ბავშვის მკურნალობის დაფინანსება შეძლო.
ოპერის ორკესტრთან ერთად, რომელსაც დანიელე რუსტიონი უდირიჟორებს, ქართველი მაყურებლის წინაშე ცნობილი საოპერო არიებით წარდგებიან 21-ე საუკუნის უდიდეს ტენორად აღიარებული ფაბიო არმილიატო, რომელმაც ვუდი ალენის ფილმში „სიყვარულით რომში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, მსოფლიო სოპრანო, დანიელა დესი, ცნობილი ბარიტონი ალბერტო გაძძალე, მევიოლინე ფრანჩესკა დეგო და რასაკვირველია, თავად ნინო სურგულაძე.
ქართველ საოპერო შემსრულებელს მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით.
ნინო სურგულაძე:
ვფიქრობ, ეს კონცერტი დასამახსოვრებელი იქნება. მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი თეატრი ინატრებდა მსგავსი შემსრულებლების ერთად ხილვას. გარდა საქველმოქმედო მიზანისა, რომელიც ამ ღონისძიებას აქვს, მნიშვნელოვანია ამ დონის საოპერო შემსრულებლების საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენი ფონდის სახელით აქამდე ორი კონცერტი გაიმართა, საერთო ძალისხმევით 12 ბავშვის მკურნალობის დაფინანსება შევძელით. იმედია, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ.
რა ნომერზე უნდა დარეკონ კონცერტის მსვლელობისას?
მე არავის მოვუწოდებ, თითოეული ადამიანის კეთილი ნებაა, თუკი დარეკავს ნომერზე 0901900999. კარგი იქნება, თუ შემოსული თანხა არ დაიბეგრება და მთლიანად ბავშვების მკურნალობისთვის გამოვიყენებთ.
ბევრი მსურველი გვიკავშირდება და ბილეთების შეძენა დღეიდან biletebi.ge-ზეა შესაძლებელი. ვისაც ბილეთის შეძენის საშუალება არ აქვს, კონცერტის ნახვას „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში შეძლებს. ღონისძიება 13 სექტემბერს გაიმართება და 21 საათზე დაიწყება.
ნინო მურღულია
