5-6 სექტემბერს „ბათუმობასთან“ დაკავშირებით ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით. ევროპის მოედანზე ბათუმელები და ქალაქის სტუმრები აჭარული სოფლის ხიბლის, ფოკლორული და გასტრონომიური ტრადიციების, ხალხური თვითშემოქმედების აღმოჩენას შეძლებენ.
პროგრამა მრავალფეროვანია: აჭარული სამზარეულოს მასტერკლასები, მხიარული კონკურსები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ფოლკლორული ჯგუფების კონცერტები, შავფაროსნების შოუ. ჩატარდება ასევე ეთნო მუსიკის საღამოები: 5 სექტემბერს 18:00 საათიდან კონცერტს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი „სტუმრები“, ხოლო 6 სექტემბერს, ანსამბლი „გორდელა“. ღონისძიებები ევროპის მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
