LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

…იქ, სადაც ოცნებები სრულდება…

ლეგენდარული ადგილები, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა, მთელ მსოფლიოშია გაფანტული და ტურისტების საყვარელ ღირსშესანიშნაობებად ითვლება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დელის სვეტი (დელი, ინდოეთი)

დელის სვეტად წოდებული 7 მეტრის სიმაღლის 6,5 ტონიანი კოლონა, თითქმის 1 5000 წლის წინ აიგო დელის გარეუბანში, ქუვატ-ულ-ისლამის მეჩეთის ნანგრევებთან. წარწერა სანსკრიტზე მიუთითებს, რომ სვეტი მეფე ჩანდრაგუპტას მიეძღვნა შუა აზიის ხალხებზე გამარჯვების შემდეგ.

მეცნიერები დიდი ხანია იმტვრევენ თავს მონუმენტის საიდუმლოს ამოხსნაზე – სუფთა რკინისგან გაკეთებული კოლონა პრაქტიკულად არაა დაზიანებული კოროზიით, რაც დღევანდელი მაღალი ტექნოლოგიების პირობებშიც კი რთული მისაღწევია. სწორედ ამიტომ, ბევრს სჯერა, რომ სვეტი უცხოპლანეტელების დატოვებული ნიშანია, თუმცა მეცნიერებს განსხვავებული ახსნა აქვთ – მათი აზრით დელის სპეციფიური კლიმატის წყალობით სვეტის ზედაპირზე განსაკუთრებული ფენა შეიქმნა, რომელიც მას ჟანგისგან იცავს.

ადგილობრივების მტკიცებით, კოლონას მისტიკური ძალა აქვს და დაავადების განკურნებასთან ერთად სურვილების ასრულებაც შეუძლია. საკუთარ თავზე მისტიკური ძალის გამოსაცდელად აუცილებელია სვეტზე ზურგით მიყრდნობა და ხელების შემოხვევა, თან ისე, რომ თითები შეერთებული იყოს. ასეთ მდგომარეობაში რამდენიმეწუთიანი დგომის შემდეგ დარწმუნებული იყავით, რომ ყველა თქვენი ოცნება ასრულდება.

 

ერავანის საკურთხეველი (ბანგკოკი, ტაილანდი)

2

ერავანის საკურთხეველი, რომელიც საუკუნენახევრის წინ აიგო ბანგკოკის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ და ხმაურიან გზაჯვარედინზე, ღვთაებას ინდრას და მის სპილოს – ერავანის ეძღვნება.

ლეგენდის თანახმად, სასტუმროს მშენებლობას, რომლის წინაც დღეს საკურთხეველია მოთავსებული, უამრავი უბედურება ახლდა თან. ჯერ სასტუმროს მოსაპირკეთებლი მარმარილოთი დატვირთული გემი ჩაიძირა ოკეანეში, მერე კი, რამდენიმე მუშა დაიღუპა. შეწუხებულმა ტაილანდელებმა ბრახმანების რჩევით სასტუმროსთან საკურთხევლი მოაწყეს და უბედურ შემთხვევებსაც ბოლო მოეღო. მადლიერ ბანგკოკელებს, რომლებმაც საკურთხეველთან პირველი შესაწირი მიიტანეს, მალე ტურისტებიც შეუერთდნენ მთელი მსოფლიოდან. ადგილობრივების რწმენით, ის, ვინც ინდრას სპილოს ფიგურებს, არომატულ სანთლებს და ყვავილების გირლიანდებს შესწირავს, თან გულწრფელად შესთხოვს, აუცილებლად ნებისმიერი სურვილი აუსრულდება.

 

ფულის მუხა (მარის კუნძული, შოტლანდია)

3

ბრიტანელებს სჯერათ, რომ მათი სურვილები ხის ქერქში მონეტის ჩასობით სრულდება. თუმცა, ხე აუცილებლად ჯადოსნური უნდა იყოს. რიტუალური ხეები ბევრია ბრიტანეთში, განსაკუთრებით შოტლანდიასა და ირლანდიაში. ყველაზე ცნობილ ხეებს შორის ერთ-ერთი მარის მუხაა ლოჰ-მარის ტბის პატარა კუნძულზე, რომელმაც სახელი 1877 წელს გაითქვა დედოფალ ვიქტორიას მოგზაურობის შემდეგ. დედოფალმა თვითონ შეასრულა ცნობილი რიტუალი, რის შესახებაც საკუთარ დღიურში დაწერა. უძველესი მუხის ქერქი თითქმის აღარ ჩანს მასში ჩასმული მონეტების წყალობით, რომელთაგან ყველაზე ძველი 1828 წელს მიეკუთვნება.

მუხასთან ახლოს ოდესღაც წმინდა ჭაც იყო, რომელსაც ლეგენდის თანახმად სულით ავადმყოფების განკურნება შეეძლო. ავადმყოფს ხელებს და ფეხებს უკრავდნენ და ნავში აწვენდნენ. ნავი საათის მიმართულებით წრეზე ცურავდა კუნძულის გარშემო, სნეულს კი, რამდენჯერმე წყალში აგდებდნენ და ამოჰყავდათ. ამგვარი “გამაჯანსაღებელი” პროცედურის შემდეგ ის წმინდა ჭიდან სვამდა წყალს და ინკურნებოდა.

მსგავსი რიტუალები ბრიტანეთში მე-19 საუკუნემდე არსებობდა, მერე კი, ჭისა და მდინარის მაგიური ძალის რწმენა გაქრა, თუმცა შემორჩა ფულის მუხა, რომელიც ბრიტანელებთან ერთად ტურისტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ალ-კუტუბიას მეჩეთი (მარაკეში, მაროკო)

4

მაროკოში ოცნებები თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე სრულდება. თუ ქუჩაში შემთხვევით წყლის დამტარებელი შეგხვდათ, თამამად შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილი და აუცილებლად აგისრულდებათ. მარაკეშა და უძველესი მეჩეთი ალ-კუტუბია კი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება, საუკეთესო ადგილია სურვილის ჩასაფიქრებლად.

ალ-კუტუბია მე-12 საუკუნეში აშენდა, თუმცა მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ მიჰრაბი არ იყო მექას მხარეს მიმართული. გაბრაზებულმა სულთანმა აბდ-ალ-მუმინმა, რომლის დროსაც ნაგებობა შენდებოდა, არქიტექტორი სიკვდილით დასაჯა. არსებობს მეჩეთის სფეროსებრი მორთულობის ვერსიაც – ამბობენ, რომ სულთანის ერთ-ერთმა ცოლმა რამადანის წმინდა თვეში ცოდვა ჩაიდინა და ყურძნის სამი მარცვალი შეჭამა, მოსანანიებლად კი, მორწმუნე მუსულმანმა მთელი თავისი ოქროს სამკაულები გადაადნო და ბურთები გააკეთა, რომლებიც მინარეთის სახურავზე მოთავსდა.

თანამედროვე რიტუალი, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც დიდი ენთუზიაზმით ატარებენ, სწორედ ამ ლეგენდას უკავშირდება – თუ სავსე მთვარის ღამეს მინარეთის ქვეშ, სახით აღმოსავლეთისკენ დადგებით და მთვარეზე ბურთების ანარეკლს დაინახავთ, აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი. თუმცა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულდება, თუ კეთილი იქნება და ზიანს არავის მიაყენებს.

 

ზოდიაქალური რაიონი (იაფა, ისრაელი)

5

იაფა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც დღეს იერუსალიმის რაიონად ითვლება, უძველეს დროში კი დამოუკიდებელი დასახლება იყო. ისტორიულ წყაროებში იაფა პირველად ჩვენს ერამდე

მე-15 საუკუნეში გაჩნდა, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი, სწორედ იქ ააგო ნოემ თავისი კიდობანი.

ის, ვინც სურვილის ასრულების იმედით ეწვევა ქალაქის უძველეს ნაწილს, სადაც ქუჩებს ზოდიაქოს ნიშნების სახელები აქვთ, ე.წ. ჰოროსკოპის ბილიკი უნდა გაიაროს, მიაგნოს საკუთარი ნიშნის ქუჩას, ჩაიფიქროს სურვილი და ხელით შეეხოს აბრას. სურვილის ჩაფიქრება იმ ხიდზეც შეიძლება, რომლის მოაჯირიც ზოდიაქოს ნიშნებით მოხატული ფილებითაა მოპირკეთებული.

 

ჯულიეტას ქანდაკება (ვერონა, იტალია)

6

იტალიაში თაფლობის თვის გატარება ბევრი შეყვარებულის ოცნებაა, თუმცა, ულამაზეს ქვეყანაში გამგზავრება მათთვის უფრო სასარგებლოა, ვისაც ამ საქმეში ჯერ არ უმართლებს. რომანტიკული ოცნებების ასრულება ყველაზე რეალური ვერონაში, ჯულიეტას სახლის ეზოშია, სადაც ბრინჯაოში ჩამოსხმული შექსპირის პერსონაჟის ქანდაკება დგას. ლეგენდის თანახმად, ჯულიეტას მარჯვენა მკერდზე ხელის შეხებით შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება.

იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახლში, მრავალი საუკუნის წინ კაპელოს ოჯახი და ის ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდნენ, რომლებიც მოგვიანებით კაპულეტების და ჯულიეტას პროტოტიპებად იქცნენ.

ჯულიეტას სახლის კედლები დიდხანს ასრულებდნენ ერთგვარი სტენდის ფუნქციას, სადაც ტურისტები საკუთარ სასიყვარულო წერილებს და სურვილებს ტოვებდნენ. რამდენიმე წლის წინ ქალაქის მთავრობამ კედელი გაწმინდა, მსურველებს კი ახალი მომსახურება შესთავაზა – დღეს ნებისმიერს შეუძლია მოინახულოს ჯულიეტას მუზეუმი და მშვიდ გარეოში მისწეროს მას წერილი, სადაც საკუთარ განცდებს მოუყვება და წარმატებას შესთხოვს სასიყვარულო საქმეში.

 

სუჩჟოუს ხიდები (ჰენანი, ჩინეთი)

7

სუჩჟოუ, რომელიც აღმოსავლეთის ვენეციად ითვლება, თითქმის სამი ათასი წლის წინ გაშენდა. ქალაქის იმდროინდელ მმართველს ძალიან

უნდოდა, სუჩჟოუ მსოფლიოს ულამაზეს ადგილად ექცია და ასეც მოხდა. ჩინელებს ანდაზაც კი აქვთ: “ზეცაში სამოთხეა, დედამიწაზე კი – სუჩჟოუ და ჰანჩჟოუ.

უძველესი დროიდან სუჩჟოუ გამუდმებით ზარალდებოდა წყალდიდობებით. ქალაქის სტიქიისგან დასაცავად ბრძენმა ჩინელებმა არხების სპეციალური სისტემა მოაწყვეს, რომელიც დღეს, თავის ხიდებთან ერთად ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ერთ დროს სუჩჟოუს 1000-ზე მეტი ხიდი ჰქონდა, დღეს კი, მხოლოდ 200-მდეა შემორჩენილი. თავიდან ხიდები ხისგან იგებოდა, მოგვიანებით ხე ქვით შეიცვალა, ყველა ხიდმა კი საკუთარი სახელი მიიღო. არსებობს კარიერის ხიდი, კეთილდღეობის, მშვიდობის და წარმატების ხიდები. ასე რომ ყველას საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია შეარჩიოს ხიდი და ოცნების მატერიალიზაციის იმედით რამდენჯერმა გაიარ-გამოიაროს სასურველ ხიდზე.