გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” თამუნა ალადაშვილი და ჯგუფი ”არგო” ესტუმრნენ.
– თამუნა, როგორ მოხდა, რომ დუეტი ”თსუ გორდელას” ნაცვლად სხვა კოლექტივთან შეასრულე?
– ბიჭებთან ერთად დუეტის ჩაწერის იდეა მე მეკუთვნის. როგორც წინა სტუმრობისას გითხარით, მსურდა ”არგოსთან” თანამშრომლობა და ასე მოხდა კიდეც. ვიცოდი, რომ მათთან ერთად საინტერესო დუეტი გამოვიდოდა. ძალიან მომწონს მათი შემოქმედება, ისინი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან.
– შევახსენოთ ჩვენს მსემენლს, თუ ვინ არიან ჯგუფი ”არგოს” წევრები.
– ჩვენი ჯგუფი შედგება სულ 10 წევრისგან. სანამ სახელს დავირქმევდით, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს ”არგო” გადავწყვიტეთ, რადგან ისტორიულად არგო ძალიან ახლოსაა ჩვენთან. ამ სახელმა გაამართლა. დღეს სტუდიაში მხოლოდ ორი წევრი ვართ მე – გიგა ბუბუტეიშვილი და პაპუნა ბახტაძე, დანარჩენები კი რადიომიმღების საშუალებით გვისმენენ.
– თამუნა, როგორ წარიმართა თქვენი თანამშრომლობა, გაამართლეს თუ არა ბიჭებმა შენი იმედები?
– კი, ნამდვილად გაამართლეს. ვანში წავედი, რათა ბიჭებს შევხვედროდი. დამხვდა ძალიან თბილი სიტუაცია და დავიწყეთ მუშაობა. ეს მართლაც ძალიან დიდი სიამოვნება იყო. ძალიან ბევრჯერ ვიმღერეთ, რადგან ერთად მუშაობა მართლა მოგვეწონა.
– პაპუნა, არის თუ არა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჯგუფი ”არგო” დუეტს წერს?
– არა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ დუეტი გვაქვს ჩაწერილი ჩვენს მეგობარ ლაშა რამიშვილთან. პირველი დუეტი ლაშასთან ჩავწერეთ, ხოლო შემდეგ თამუნასთან. ორივესთან მუშაობა მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო.
– გიგა, სად ჩაიწერა სიმღერა?
– სიმღერა ”დრო” ქუთაისში, შოთა ციბაძესთან – სტუდია ”Georgian records”-ში ჩავწერეთ. დიდი მადლობა მას კარგი ნამუშევრისთვის.
– ბიჭებო საინტერესოა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– გვინდა ჩავატაროთ ტურნე საქართველოს მასშტაბით და შეძლებისდაგვარად ბევრი ქალაქი შემოვიაროთ, ჩვენი მუსიკა ყველას გავაცნოთ. იმედია, გამოგვივა. თუმცა ჯერჯერობით ვეძებთ ორგანიზატორს, რადგან ამ ყველაფერს მართლაც კარგი დაგეგმვა სჭირდება.
ასევე, უკვე მზადაა ჩვენი ახალი სიმღერა, რომლის პრემიერაც სულ მალე იქნება. რამდენიმე ნაწარმოები ჩაწერის პროცესშია.
– თამუნა, თქვენ რას აპირებთ?
– ანსამბლ ”თსუ გორდელას” აქვს ძალიან დიდი გეგმები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა ნოემბერში ამერიკაში წასვლაა. ”გორდელა” ჩაატარებს საქველმოქმედო კონცერტებს. შემოსული თანხა კი ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება. ასევე ვგეგმავთ სხვა კონცერტებს, ვმუშაობთ ძალიან ბევრს, ვწერთ ახალ სიმღერებს. სულ მალე ჩვენი ახალი ნამუშევრის პრემიერასაც მოგიტანთ.
რაც შეეხება ჩემს კარიერას, ვწერ სოლო ალბომს. რა თქმა უნდა, მასში ბიჭებთან ერთად შესრულებული სიმღერაც შევა.
ჯგუფი არგო & თამუნა ალადაშვილი – დრო
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
თამუნა ალადაშვილი სახსოვარი. Live
თამუნა ალადაშვილი – დაგელოდები. Live
ჯგ. “არგო” და თამუნა ალადაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
