დღეს შესანიშნავი ქართველი მომღერლის, გოგი დოლიძის დაბადების დღეა. მას 61 წელი შეუსრულდებოდა. ლაშა ღლონტი ემოციური პოსტით ულოცავს დაბადების დღეს ადამიანს, რომელიც ქართული სიმღერის ნებისმიერი შემსრულებლის კერპია.
„როდესაც კარგად იმღერებ და თავი მომღერალი გგონია, მოუსმინე გოგის და მიხვდები, რომ არაფერს წარმოადგენ!!!
დღეს გოგი დოლიძის დაბადების დღეა!!!
გილოცავ მამი!!!“ – წერს „ფეისბუქის“ გვერდზე ლაშა ღლონტი.
გოგი დოლიძე 1954 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. 24-ე საშუალო სკოლის პარალელურად, სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა, 1976 წელს დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით, 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა.
გამორჩეულად პოპულარული 1980-იანი წლებიდან გახდა და სახელი გაითქვა, როგორც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელმა. 1986 წლიდან მღეროდა ანსამბლში „ქართული ხმები“ და გასტროლებით მსოფლიო შემოიარა.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა ასაკში, 1996 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. 24-ე სკოლის წინ მისი ბიუსტი დგას, ხოლო 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად აღიარეს.
