LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის ფონდი ხვალ საქველმოქმედო კონცერტ-მარათონს მართავს

Ardaidardo.Geიტალიელი ოპერის ვარსკვლავები უკვე თბილისში არიან!..

 

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ ჯერ მხოლოდ წელიწადნახევარია, რაც ჩამოყალიბდა. ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანოს ძალისხმევითა და მისი კოლეგების მონაწილეობით, ორი ღონისძიება გაიმართა, შემოსული თანხით კი 12 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

ხვალ საღამოს 9 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მისულ მაყურებელს საშუალება ექნება, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის აკომპანემენტითა და შესანიშნავი მაესტროს, დანიელე რუსტიონის დირიჟორობით, მოუსმინოს კლასიკური მუსიკის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც არიან ცნობილი ტენორი, ფაბიო არმილიატო, რომელიც მაყურებელმა ვუდი ალენის ფილმით „სიყვარულით რომში“ გაიცნო, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს სოპრანოს, დანიელა მესის, შესანიშნავ ბარიტონს, ალბერტო გაძალეს და მევიოლინე ფრანჩესკა დეგოს, რომელსაც ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებული სიურპიზი აქვს მომზადებული.  რასაკვირველია, ტავად ნინო სურგულაძეც მიიღებს მონაწილეობას კონცერტში, რომელიც, როგორც გვპირდებიან, დაუვიწყარი იქნება.

 

იტალიელი ვარსკვლავების ნაწილი თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. ქალაქითა და მასპინძელთა დახვედრით მოხიბლულები, მედიას სიამოვნებით ესაუბრნენ.

 

პრესკონფერენციაზე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა, ნინო სურგულაძემ,  ვრცლად ისაუბრა ღონისძიების შესახებ, რომელიც 13 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ყველა მსურველს ექნება საშუალება, ტელეფონზე დარეკვით თავისი წვლილი შეიტანოს ოთხი პატარას გამოჯანმრთელებაში.

 

„ბავშვები ჩვენი მომავალია“ – განაცხადეს სტუმრებმა, მათი თქმით, პირველად საქართველოში ჩამოსასვლელად ეს შესანიშნავი მიზეზი იყო, საქართველოზე ბევრი კარგი სმენიათ არაჩვეულებრივი ქართველი კოლეგებისგან და მოხარულები არიან, რომ თბილისში ჩამოსვლა ამ კეთილშობილური მისიით შეძლეს.

 

რა თქმა უნდა, ჟურნალისტები დავინტერესდით, როგორ მიიღო ვუდი ალენისგან ფილმში მონაწილეობის შეთავაზება ფაბიო არმილიატომ, რაზეც მან საკმაოდ დიდი ხალისით გვიპასუხა: „ძალიან რთული წარმოსადგენია, ამ სფეროში უფრო ნიჭიერ რეჟისორს შეხვდე,  ვიდრე ვუდი ალენია. მხიარული, საინტერესო და არაჩვეულებრივი როლი მაჩუქა. ოპერა იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანია. საუკეთესო საშუალება მომეცა, რომ საზოგადოებისთვის საოპერო სამყაროს სახელით გზავნილი გადამეცა…“

 

დანიელე რუსტიონსა და ფრანჩესკა დეგოს საღამოს ორგანიზატორები დღეს ელოდებიან.

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო მარათონი „იმედის“ ღია ეთერში ხვალ, საღამოს 9 საათზე დაიწყება. ბილეთების მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელთა შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ biletebi.ge-ზე.

 

 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge