LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის იტალიელმა კოლეგებმა ფილარმონიაში ფურორი მოახდინეს – 20 000-ზე მეტი ზარი „ნატვრის ხის“ ღონისძიებაზე!..

Ardaidardo.Geსაქველმოქმედო ფონდი„ ნატვრის ხე“, დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ჩამოყალიბდა და რიგით მესამე კონცერტი, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ფილარმონიაში, 13 სექტემბერს გამართა.

საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე გახლავთ, რომელმაც თბილისში, ოთხი პატარას დასახმარებლად მოწყობილ კონცერტზე, 5 მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოიყვანა.

 

ახალგაზრდა დირიჟორი დანიელე რუსტიონი, მევიოლინე ფრანჩესკა დეგა, ტენორი ფაბიო არმილიატო, სოპრანო დანიელა დესი და ბარიტონი ალბერტო გაძალე, კოლეგისა და მეგობრის მხარდასაჭერად საქართველოს დედაქალაქს დიდი სიამოვნებით ესტუმრნენ, ქალაქით ძალიან მოიხიბლნენ და ასევე გაკვირვებული დარჩნენ ქართველების მიერ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობითა და პუბლიკით, რომელმაც ნამდვილად არ დაიშურა აპლოდისმენტები მათ მიმართ.

საღამოს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის თბილისის მერი, დავით ნარმანია და კულტურის მინისტრი მიშა გიორგაძე.

ფონდის ოფიციალური პარტნიორი გახდა კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომლის გენერალური დირექტორი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მისი კომპანიისთვის დიდი გამოწვევა იყო ამ საქველმოქმედო საღამოს გენერალური სპონსორობა და სიხარულით აღნიშნა, რომ ღონისძიება შედგა.

„ნატვრის ხის“ საღამო ჟურნალისტსა და მწერალს, ეკა ტოგონიძეს მიჰყავდა, რომელმაც გაიხსენა, როგორ თამაშობდნენ 25 წლის წინ ის და ნინო სურგულაძე მიუზიკლში, სადაც ის ნამცეცას განასახიერებდა, ნინო – მერცხალს, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა სურდა, დღეს კი ცნობილი მეცო-სოპრანო პატარების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

საღამო ბევრი სენტიმენტალური მომენტით იყო სავსე. განსაკუთრებული გახლდათ ფონდის პირველი ბენეფიციარის, კონსერვატორიის სტუდენტის, ნინო ჩიქოვანის სცენაზე გამოსვლა, როდესაც მან „კარმენის“ ცნობილი არია იმღერა და მეორე ნაწილში ნინო სურგულაძე შეუერთდა. სწორედ ნინო ჩიქოვანი იყო ნინო სურგულაძის მუზა, რომ საქველმოქმედო ფონდი ჩამოეყალიბებინა, რადგან მისი დიაგნოზის, ანევრიზმის შესახებ შეიტყო. დღეს ნინო გამოჯანრთელების გზაზეა და კონსერვატორიას დაუბრუნდა.

კიდევ ერთი ეპიზოდი საღამოდან იქ მყოფებს ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ. ფონდის ყველაზე პატარა ბენეფიციარი, ლეიკემიით დაავადებულ მარიამ ქველაძეს სწორედ 13 სექტემბერს ორი წელი შეუსრულდა. მისთვის საღამოს ორგანიზატორებმა, ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის დახმარებით, ულამაზესი ტორტი გამოიტანეს და დედიკოსთან ერთად, გამოპრანჭული მარიამი სცენაზე ავიდა. ტორტის სანთელი წამყვანებთან და ნინოსთან ერთად ჩააქრო. დარბაზში ამ მომენტს გამორჩეული ემოციით შეხვდნენ.

ცალკე აღსანიშნავია მოწვეული იტალიელი ვარსკვლავების ბრწყინვალე შესრულება, რამაც დარბაზში ნამდვილი ფურორი მოახდინა, არ წყდებოდა აპლოდისმენტები ცნობილი არიების შესრულების შემდეგ.

ნინო სურგულაძემ ფაბიო არმილიატოსთან ერთად „კარმენიდან“ დუეტი განსაკუთრებული ემოციით შეასრულა. საღამო დანიელა დესისა და ფრანჩესკა დეგოს მიერ შესრულებული „ავე მარიათი“ დასრულდა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაწერა. ბისზე კი მომღერლებმა ერთად შეასრულეს ერთ-ერთი ცნობილი არია.

საღამოზე 20 000-ზე მეტი ზარი შევიდა. ასევე კერძო პირებმაც გადარიცხეს თანხა. შეგროვებული ფულით „ნატვრის ხე“ შეეცდება, ოთხ ბენეფიციარს გაუწიოს დახმარება.

პ.ს. ფოტოები ეკუთვნის `Jako Photography`-ს.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge