LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩამოვიდა დავით კალანდაძე რუსეთიდან ავტომობილით და რამდენს ხარჯავს ის კლიპების გადასაღებად

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დავით კალანდაძე ესტუმრა.

– დათო, რა ხდება მოსკოვში და ზოგადად რა სიახლეებია თქვენსკენ?

 

– მოსკოვში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კრიზისია და ეს მუსიკალურ სამყაროზეც აისახება. თუმცა, ჩვენ იქ მოღვაწე ქართველი მომღერლები არ ვნებდებით, ვმუშაობთ, ვწერთ ახალ სიმღერებს და დღესაც სიურპრიზი ჩამოგიტანეთ. სიმღერა, რომელიც ორივე ენაზე – ქართულად და რუსულად გავაკეთე.

 

– რამდენად ხშირია მოსკოვში კონცერტები და თქვენ, როგორც წარმოშობით ქართველს თუ გეპატიჟებიან?

 

– რუსი ხალხი ძალიან მხიარულია და რაც არ უნდა დაემართოთ სიმღერისა და ცეკვის ხასიათზე ყოველთვის არიან. შესაბამისად, კონცერტებიც ძალიან ხშირია. სიმართლე გითხრათ, მე ქართველობის გამო რუსეთში პრობლემა არ მქონია და შეიძლება უფრო მეტადაც კი მეპატიჟებიან. საქართველო ახსოვთ და უყვართ.

 

– როგორც წესი, საკმაოდ ხარისხიან კლიპებს იღებთ. ეს მაშინ, როცა ამაში არც თუ დიდ ფინანსებს ხარჯავთ. საინტერესოა, ამას როგორ ახერხებთ?

 

– ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს, რადგან მხვდებიან ისეთი პოპულარული რეჟისორები, რომლებსაც ვერც წარმოვიდგენდი ოდესმე თუ გადავეყრებოდი. მათთან თანამშრომლობა რომც მომენდომებინა, ფინანსურად ვერანაირად ვერ გავწვდებოდი. სწორედ ასეთი რეჟისორები თავად დაინტერესდნენ ჩემით, გადამიღეს კლიპები. ზოგი ფიქრობს, რომ კლიპების გადაღებისას მილიონები დავხარჯე, თუმცა რეალურად ძალიან გამიმართლა და თითქმის არაფერი არ დამიხარჯავს.

 

– დათო, როგორც ვიცი, ახალ ალბომზე მუშაობთ.

 

– ეს არის აღმოსავლური სტილის ალბომი, რომლითაც მინდოდა მეთქვა, რომ ქართველი ვარ. ”აღმოსავლური ნოტები” იქნება ორ ენაზე, ისევ და ისევ ქართულ-რუსული. მასში 10-12 სიმღერა შევა. ალბომიდან რამდენიმე სიმღერა რადიოსადგურებში უკვე ტრიალებს.

 

– რა მიზნით ჩამოხვედით ამჯერად საქართველოში?

 

– საქართველოში ავტომობილით ჩამოვედი და გზაზე ძალიან საინტერესო მოგზაურობა მქონდა. ზოგადად, ბოლო წლები ვერ დავფრინავ. ამის გამო, ხშირად საინტერესო შემოთავაზებებზე უარს ვამბობ, რადგან ამა თუ იმ ქვეყანაში ვერ მივდივარ. რაც შეეხება აქ ჩამოსვლას, მთავარი მიზეზი არაკომერციულია, ჩემი ოჯახის სანახავად ჩამოვედი. მთელი ჩემი ოჯახი აქაა, მათ შორის ჩემი შვილიც აქ იზრდება. ძალიან მინდოდა, რომ ის ქართულ გარემოში გაზრდილიყო.

 

– დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

– პირველ რიგში, აღმოსავლური ალბომი უნდა დავასრულო. ყველა ახალი სიმღერა, რა თქმა უნდა, რადიო ”არ დაიდარდოს”  ექსკლუზიურად ექნება. დღესაც ახალი სიმღერა ”მინდა დაგლოცო საქართველო” მოგიტანეთ. 20 წელია უკვე რუსეთში ვცხოვრობ და სამშობლოზე ყოველდღე ვფიქრობ, მენატრება. ამიტომ როცა ეს მელოდია მოვისმინე ტექსტიც მაშინვე დავწერე. ეს არის აღმოსავლური და თანამედროვე სტილის ნაზავი. ტექსტიც და მელოდიაც ჩემია. იმედია, სულ მალე ვიდეოკლიპსაც გადავიღებ.

დავით კალანდაძე – მინდა დაგლოცო საქართველო

AudioDAVIT KALANDADZE – MINDA DAGLOCO SAQARTVELO

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioDAMZADEBULIA – david kalandadze

ვიდეო კოლაჟი