ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, დაღუპულ თანამებრძოლს ვასილ ყულჯანიშვილს ემოციური ვიდეოთი გამოემშვიდობნენ, რომელიც „იუთუბზე“ გავრცელდა და მისი ბოლო თხოვნაც შეასრულეს…
„ძალიან ამაყი და გაბედული, საქმის მოყვარული ჯარისკაცი იყო ჩვენი ვასილი. ის ყოველთვის ჩვენს გულში იქნება. ჩვენ დავნერგეთ ტრადიცია ჩვენს ოცეულში. მისი ადგილი ყოველთვის დაკავებული იქნება. დროშა გადავაფარეთ, სახსოვრად ქუდი დავდეთ.
ამ ყველაფერს გავაგრძელებთ საქართველოში, იქ არის მისი ადგილი და იყო ყოველთვის…“
„ჩვენი მომღიმარი ძმა, სმაილა, სულ იღიმოდა, მისი სახე თითოეულ ჩვენგანს თვალწინ გვიდგას. ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მძიმე ტკივილია ეს ჩვენთვის. პირადად მე და ძალიან ბევრ აქ მყოფს კიდევ ცოცხალი გვგონია, შემოვა, დაგვიძახებს, ჩაგვეხუტება, მოგვეფერება, როგორც სჩვეოდა. ძალიან თბილი ადამიანი იყო. უშიშარი, გამბედავი და თავის საქმეს ყოველთვის იდეალურად აკეთებდა. მინდა ვთქვა, რომ გმირულად დაეცა, გმირი ბიჭი იყო და თითოეული ჩვენგანის გულში არასდროს მოკვდება…“
„ჩვენ გვინდა, მისი ბოლო სურვილი ავასრულოთ. პატრულირების წინ რომ გადიოდა, თქვა, დავდგეთ ბიჭები, თანამებრძოლები და საქართველოს რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად პატარა ვიდეორგოლი გავაკეთოთო. მან ვერ შეასრულა, მაგრამ მის პატივსაცემად და სულის მოსახსენიებლად ჩვენ შევასრულებთ მის სურვილს…“ – ამბობენ ჯარისკაცები.
ვიდეოს ბოლოს ისინი ერთხმად ამბობენ: „ჩვენ ვართ მე-16“.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრები 25 სექტემბერს მსოფლიო თასზე არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
https://www.youtube.com/watch?t=1&v=gCL7W_gwjL0

