„კურიერის“ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი იხსენებს იმ დღეს, როდესაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აბარებდა და წერს, რომ მშობლებს მისთვის ეს პროფესია არ უნდოდათ. ახლა კი, შეიძლება, უცხო ადამიანების დარწმუნებაც გაუჭირდეს, რომ თავისი საქმე გულით უყვარს… მაგრამ რომ არა სიყვარული, ჟურნალისტის თქმით, ბევრს გაუჭირდებოდა იმ იარლიყით სიარული, რომელიც ამ საქმეს მიეწება…
ელისო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„ორიოდე სიტყვა ჩემს პროფესიაზე:
ჟურნალისტიკაზე რომ ვაბარებდი, იმ წელს გიორგი სანაია მოკლეს, მამაჩემმა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ღირსებადაც მის დამოუკიდებლობის ხარისხს და ლიბერალიზმს ვთვლიდი, მთხოვა, იქნებ, არ გინდაო, მაგრამ მინდოდა. ალბათ, დედაჩემსაც სხვა პროფესია „ემეტებოდა“ ჩემთვის, დიასახლისობასთან სრულიად შეუთავსებელი ჟურნალისტიკის ნაცვლად, მაგრამ მშობლებში გამიმართლა.
მეათე წელია, ამ სპეციალობით ვმუშაობ. ესარც ბევრია და არც ცოტა. ჩემზე ბევრად გამოცდილი პროფესიონალები მყავს გარშემო და ყოველდღიურად ვაკვირდები, როგორ გადასწევენ ხოლმე პირად პრობლემებს და ინტერესებს გვერდზე და იწყებენ ახალ ნიუსურ დღეს.
ბევრ ჩვენგანს გამოტოვებული აქვს ბავშვის ფეხის ადგმა, ბაღის პირველი ზეიმი, ბევრს სიცხიანი ბავშვი სახლში დაუტოვებია, ცრემლი მოუწმენდია თვალიდან და პირდაპირ ჩართვაზეც დამდგარა. ბევრმა სირცხვილის დერეფანი გამოვიარეთ. ბევრმა ურთულესი კრიზისები, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როგორც მინიმუმ, სხვის უბედურებაზე არ გაგვიხარია. არც არავის დახურვა, არც არსად შეჭრა და არც კოლეგების უმუშევრად დარჩენა გაგვხარებია.
შეიძლება, გაგიჭირდეს უცხო ადამიანების დარწმუნება, რომ ხელფასის ოდენობა ჩემს არითმეტიკულ შესაძლებლობებს აჭარბებს, რომ ჟურნალისტური პრაქტიკის განმავლობაში ანაზღაურების მეტი არაფერი აგიღ-მიგიღია, რომ არავის მონა ყოფილხარ, რომ გულით გიყვარს ეს საქმე, მისი კლასიკურ-თეორიულ-პრაქტიკული დანიშნულებით, რომ თუ არა ეს სიყვარული, თავმოყვარე ადამიანს ძალიან გაგიჭირდებოდა (იქნებ ახლაც გვიჭირს) იმ იარლიყით სიარული, რომელიც ამ საქმეს მიეწება. ჟურნალისტი ყველაფერზე წამსვლელი ბევრს ჰგონია. მე უფრო ადრე სახლში წავალ, ვიდრე ყველაფერზე! მაგრამ სახლში წასვლამდე ბევრი საქმე მაქვს, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი საქმე!
და აქ მხოლოდ კორპორატიულ პატრიოტიზმში არ არის საქმე!“
