კახა კუხიანიძის სიმღერის პრემიერა გასულ კვირას „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა, კლიპს კი, 7 ოქტომბერს, „ნანუკას შოუში“ ვიხილავთ. კახა სპეციალურად საიტისთვის ჩავწერეთ.
კახა კუხიანიძე:
სიმღერის ავტორია ნათია ბუცხრიკიძე, ტექსტისა – ნანა ცინცაძე, არანჟირება – მიშა სულუხიას ეკუთვნის, მასტერინგი – ბორიკო შხიანს, ბექ-ვოკალი მაიკო კაჭკაჭიშვილმა ჩაწერა. რაც შეეხება კლიპს, ის გადაიღეს ჩემმა მეგობრებმა, მარიკა ქურდუბაძემ და რამაზ გუნავამ. სიმღერას ჰქვია „ამ გულს“.
ბოლო ათი წელია, მხოლოდ რამდენიმე სიმღერა ჩავწერე და მას აქტიურ პერიოდად არ მივიჩნევ, რადგან მანამდე თვეში რამდენიმე სიმღერას ვწერდი. გამოვასწორე ეს ყველაფერი და უკვე მაქვს ახალი სიმღერები.
ჩემი პასიურობა ჩემი სიზარმაცის ბრალი არ ყოფილა. მუსიკა ძალიან მიყვარს, ჩემი სამყაროა. იმდენად დიდი ემოცია მოაქვს, რომ ვერაფერს შევადარებ. რაღაც გარემოება იყო, რაც ხელს მიშლიდა. აღარ მინდა ამ პერიოდის გახსენება, რადგან წარსულს ჩავაბარეთ. მინდა, ახალი ეტაპი სუფთა ფურცლიდან დავიწყო (იღიმის). ახლა მაქვს სტიმული.
ამ ბოლო დროს გადახვედი თავის მოვლაზე, ვარჯიშზე და კარგად გამოიყურები.
დიდი მადლობა. მივხვდი, რომ იმის გარდა, რომ მუსიკას მოვუსმინო, ჩემი განწყობისთვის საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში. არასდროს არ ვარ ცუდ ხასიათზე. თუ რაღაც ხდება და ნერვები ამეშლება, აუცილებლად მივდივარ სავარჯიშოდ და ბევრად კარგად ვვარჯიშობ. ეს საუკეთესო თერაპიაა, გარდა იმისა, რომ ფორმაში იყო და ვარჯიშით ლამაზი სხეული გამოიძერწო, ჯანმრთელობისთვისაც კარგია.
ბოლო ერთი წელია, უამრავი ადამიანი ვარჯიშობს. ზაფხულში აუზზე რომ დავდიოდი, ვნახე, რომ ქართველებს დაეტყოთ ახალი ფორმები. მოდური გახდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მოდურობის თუ სხვა რამის გამო, ნელ-ნელა ეჩვევიან ვარჯიშს. ვფიქრობ, ყველამ უნდა იაროს. მინდა, ყველა ამ კუთხით დაკავდეს და ნეგატივი ნაკლები იქნება.
თავის მოსავლელად კიდევ რა საშუალებებს მიმართავ?
არაფერს განსაკუთრებულს. უბრალოდ, ძალიან მიყვარს დღეში რამდენჯერმე ბანაობა (იღიმის). ხან თავად, ხან სალონში ვიწესრიგებ ფრჩხილებს, მაგრამ ისეთ სალონში მივდივარ, სადაც ვიცი, რომ იარაღებს კარგად ასტერილებენ. დანარჩენი კი, თავის მოვლისთვის არაფერი მაქვს, არანაირ კრემს და არაფერს არ ვიყენებ. ვსვამ წყალს, მინიმუმ 2 ლიტრს დღეში. ძალიან მიყვარს, ვარჯიშის დროს აუცილებელია და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, მათ შორის კანის მდგომარეობაზეც.
კვლავ გააქტიურდი, ამღერდი, ვარჯიში დაიწყე… რაიმე ხომ არ ხდება ახალი შენს პირადში?
არაფერი მაქვს დასამალი. რომ იყოს, ვიტყოდი. არ მიმაჩნია, რომ უნდა დავმალო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კუთხით არ გამიმართლა, რაც ძალიან ცუდია. არ გამიმართლა, რომ ისე ამწყობოდა ურთიერთობები, როგორც მე წარმომედგინა. ლამაზი სიყვარული მსურდა ერთგულ ადამიანთან. წრფელი გულით სიყვარული არ მქონია. ცოტა არ იყოს, ნაწყენი ვარ სიყვარულზე… მაგრამ ეს გრძნობა ძალიან მიყვარს. იმედი მაქვს, რომ ის მოვა ჩემს ცხოვრებაში.
ყველაფრის გაკეთება შემიძლია ჩემი მეორე ნახევრისთვის, რადგან ასეთი აღზრდილი ვარ. დედაჩემი, მაგალითად, ცხოვრებაში არ არის ბაზარში ნამყოფი, მამა დადიოდა, ბევრი რამ მათი ოჯახური ცხოვრებიდან მაქვს ნანახი და მინდა, მეორე ნახევარი ხელის გულზე ვატარო. მინდა საკუთარი მზრუნველობის დახარჯვა, როცა ამას ვერ გამოვხატავ, ცუდად ვარ. ახლაც ასე ვარ. მშველის ის, რომ ბევრი საქმე მაქვს და ვიხარჯები. ალბათ, თანდათან ყველაფერი აეწყობა.
შემთხვევით ურთიერთობებზე რას ფიქრობ, არის შენს ცხოვრებაში ერთი ღამის პაემნები?
(იღიმის) არის… უფრო სწორად, იყო. მაგალითად, ისეთი შემთხვევა, ერთი ღამის რომ უნდა ყოფილიყო და გაგრძელებულა, რამდენიმე მახსოვს, მაგრამ ასევე მახსოვს ერთი ღამის ურთიერთობა, რომლის გაგრძელება არ მომდომებია. მირჩევნია, ასეთი ღამეები იყოს ფლირტზე დაფუძნებული.
ქართველ გოგონებს ხშირად აკრიტიკებენ. შენ რას იტყვი?
არ მიყვარს ჩემზე მეტად აქტიური ადამიანები. თუკი არ მომეცა საშუალება, რომ თავად ვიაქტიურო, დამერწმუნოს ყველა, რომ ეს არ გაგრძელდება ერთ ღამეზე მეტხანს (იღიმის). ცეცხლი თუ არ წამეკიდა და არ მომეცა მასზე ფიქრისთვის დრო, ასეთ ურთიერთობას აზრი არა აქვს. თუმცა ისიც არ უნდა მოხდეს, რომ მაწვალოს და გამამწაროს. რაღაცებში უნდა ამყვეს, რაღაცებში – არა
ძალიან რთული ბიჭი ხარ შენ.
ვარ რთული, მაგრამ ამასთანავე ერთგული და მზრუნველი. ამით „ვკაიფობ“, როცა ადამიანს ჩემით ვაბედნიერებ. რთული იმიტომ ვარ, რომ არ უნდა მომატყუო…
ნინო მურღულია
