LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა მებურიშვილი: „კიდევ ერთხელ კატოს შეცვლა ძალიან ცუდია…“

Ardaidardo.Geლელა მებურიშვილი „ფორტუნა პლუსს“ ესტუმრა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს როლის აწ უკვე ყოფილმა შემსრულებელმა „სტუმრად გიგასთან“ წამყვანის ყველა კითხვას უპასუხა. მსახიობის თქმით, „ჩცდ“-ს გარშემო შეკითხვებით მის ტელეფონზე უამრავი ზარი იყო და ეს მისთვის რთული პერიოდი გამოდგა ამ მხრივ.

 

ლელა მებურიშვილი:

„ძალიან ძნელია, როცა ერთი მსახიობი მეორეს ცვლის. რთული გამოწვევაა და საქართველოში ეს არ იყო მომხდარი. ვიცოდი, რომ ამას მოჰყვებოდა სერიოზული განსჯა, უნდა შემეცვალა თუ არა ნინო ამ როლზე, რომელი ჯობდა… ადამიანებს ახლა სრულიად სხვა რომ შესთავაზო, შეიძლება გაღიზიანდნენ და თქვან, ყოფილიყო ლელა მებურიშვილიო. ვფიქრობ, კარგი ვქენი, რომ დავთანხმდი ამ როლს. მიუხედავად სკანდალური წასვლა-დარჩენებისა, მითქმა-მოთქმისა, ეს ჩემს კარიერაში გამოწვევა იყო და ეს პერიოდი კარგად მახსენდება. ჩემს კარიერაში კატო კარგი ხაზი იყო…“

ლელამ უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებითაც, „იმედის“ შუადღის გადაცემაში გადასვლის შემდეგ, რამდენად ჰქონდა იმედი, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დატოვებდნენ.

ლელა:

„ჩვენ თავიდანვე გვქონდა შეთანხმება, თუკი მექნებოდა სხვა შემოთავაზებები, სერიალში ან ტელეწამყვანად, არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, პირიქით, გაუხარდებოდათ, თუ მათი თანამშრომელი სხვა პროექტში მიიღებდა მონაწილეობას. მათ იცოდნენ, რომ „იმედში“ მივდიოდი და ვაგრძელებდით თანამშრომლობას. მას მერე შეიცვალა ყველაფერი, რაც „იმედში“ დავიწყე მუშაობა და რამდენიმე გადაცემა გავიდა ეთერში. იყო რაღაც თემები, რაზეც არ ღირს საჯაროდ ლაპარაკი, დამიჯერეთ. მათი გადაწყვეტილებაა და მეც ვეთანხმები ამას, ძალიან შიდა სამზარეულოა და ამ დეტალებზე ლაპარაკი არ არის კარგი. ამ შემთხვევაში ბევრი ფაქტორი იყო და გადაწყვეტილება მე მივიღე, „ფორმულა კრეატივს“ არ ჰქონდა არანაირი პრობლემა, ამას მეტყოდნენ. მათ არ გავუთავისუფლებივარ სერიალიდან, დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ დავრჩენილიყავი, კიდევ ერთხელ კატოს შეცვლა მათთვისაც, ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც ძალიან ცუდია. არ ვიცი, რა შეიცვალა მას მერე, რაც „იმედში“ დავიწყე მუშაობა. რაღაც მოხდა, რაც მათზე არ იყო დამოკიდებული. საბოლოოდ, მე მომიწია არჩევანის გაკეთებამ …“