ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. მაშინ, როდესაც ახალი ფორმატის გადამკიდე ევროპას დებიუტანტები მიეძალნენ და ფინალურ ეტაპზე გუშინდელ აუტსაიდერებს ვნახავთ, ადგილი არ მოიძებნა მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვედრილი ჰოლანდიის ნაკრებისთვის, რომელმაც ჯგუფში პირველ სამ გუნდში მოხვედრაც ვერ მოახერხა და მხოლოდ ყაზახეთს და ლატვიას აჯობა. ეს არის ალბათ ყველაზე მყვირალა სენსაცია და დიდი დანაკლისი დასკვნითი ეტაპისთვის. ჰოლანდია 1984 წლის შემდეგ მუდმივად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზე. ამ საფეხბურთო ქვეყანას ნუგეშად ის თუ დარჩენია, რომ გაიმეორენ ისტორია და უკვე მომდევნო ევროპირველობა მოიგონ, როგორც ეს 1988 წლის შემთხვევაში მოხვდა. მანამდე ძალიან შორია, ამიტომ ჯერ გუშინდელ შეხვედრებს გადავავლოთ თვალი.
A ჯგუფში ჰოლანდიას ისედაც მიზერული შანსი რჩებოდა და იმდენი მოახერხა შინ უმოტივაციო ჩეხეთთანაც წააგო – 2:3. კადერაბეკმა და სურალმა პირველ ტაიმში გაუტანეს მასპინძლებს, მეორეში ვან პერსიმ საკუთარ კარში გაიტანა და კატასტროფულ მარცხს ჰოლანდია ჰუნტელაარის და იმავე ვან პერსის გოლებით დაუსხლტა, თუმცა დიდი სირცხვილი და იმედგაცრუება ისედაც სახეზეა. ჩეხეთმა კი ამ მოგებით პირველი ადგილი გაინაღდა (22 ქულა), რადგან ისლანდიამ თურქეთში წააგო. სელჩუკ ინანმა გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა (თურქეთი იმდროისთვის კაცნაკლული თამაშობდა) და 1:0 მოაგებინა თავის გუნდს. თურქული იღბალი ამით არ ამოწურულა. ყაზახეთმა ლატვიას სტუმრად 1:0 მოუგო და ამის გამო სწორედ თურქეთი გახდა ის ერთადერთი მესამეადგილოსანი, რომელიც პირდაპირ გავიდა ფინალურ ეტაპზე (ისე უნგრეთი გადიოდა).
B ჯგუფშიც მესამეადგილოსანი უნდა გარკვეულიყო, შანსს სამი გუნდი ინარჩუნებდა, აქედან ორი ერთმანეთს შეხვდა. კვიპროსმა შინ ბოსნია მიიღო, 2:3 წააგო და პლეი-ოფის საგზურიც დაუთმო. გადამწყვეტი გოლი 67-ე წუთზე ჯურიჩმა გაიტანა. ბელგიამ ისრაელს 3:1მოუგო (სამივე გოლი მეორე ტაიმში: მერტენსი, დე ბრუინი, აზარი) და პირველ ადგილზე დარჩა 23 ქულით. მას ორი ქულით ჩამორჩა უელსი, რომელმაც ანდორას მხოლოდ 2:0 მოუგო (რამსი და ბეილი).
H ჯგუფში გაუმართლდა ხორვატიას, რომელსაც კოჭი გაუგორა იტალიამ. ხორვატებმა თავისი თამაში კი მოიგეს გასვლაზე მალტასთან – 1:0 (პერიშიჩი), მაგრამ დამოკიდებული იყვნენ იტალია-ნორვეგიაზე. „სკუადრა აძურა“ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა კიდეც, მაგრამ მერე ორჯერ გაიტანა (ფლორენცი, პელე), თავად 24 ქულით პირველზე გავიდა და მეორეზე 20 ქულით ხორვატია გაიყვანა, რომელმაც ერთი ქულით გადაუსწრო ნორვეგიას და ეს უკანასკნელი ფლეი-ოფში გაუშვა.
ამრიგად ფლეი-ოფში მოხვდნენ: უნგრეთი, უკრაინა, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ირლანდია, ბოსნია, სლოვენია.
საფლეიოფო წილისყრა 18 ოქტომბერს ნიონში შედგება.
ფინალურ ეტაპზე გავიდნენ: ჩეხეთი, ისლანდია, თურქეთი, ბელგია, უელსი, ესპანეთი, სლოვაკეთი, გერმანია, პოლონეთი, ინგლისი, შვეიცარია, ჩრდ.ირლანდია, რუმინეთი, ავსტრია, რუსეთი, იტალია, ხორვატია, პორტუგალია, ალბანეთი. ამათ ემატება მასპინძელი საფრანგეთი.
