LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაიზარდა წვერი გიორგი სუხიტაშვილმა: „ლამბერობა არ დამიწყია…“

Ardaidardo.Geგიორგი სუხიტაშვილს შემოქმედებითი სიახლეები აქვს, ახალი ალბომის ჩაწერაზე ფიქრობს, ჰყავს ბენდი და ასევე, უახლოეს მომავალში, ზაზა წურწუმიას სიმღერაზე ახალ ვიდეორგოლს შემოგვთავაზებს. მანამდე თბილისობის გალაკონცერტზე წარდგება, თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად.

გიორგი სუხიტაშვილი:

თბილისობას აღვნიშნავ, მაგრამ იშვიათად ისეთი ალიაქოთით, როგორც სხვები. ვცდილობ, ამ დღესასწაულზე განსაკუთრებულად მივაქციო ყურადღება დედაქალაქს, რომელსაც გამორჩეული მოვლა სჭირდება და მერე ეს მუხტი მთელი წელი გავიყოლო.

რაც შეეხება კონცერტს, უკვე მრავალი წელია, მიწევს მთავარ კონცერტში მონაწილეობა. სანამ მექნება ამისი საშუალება, ყოველთვის სიამოვნებით გავაკეთებ. ყველას მოვუწოდებ, რომ გალაკონცერტზე გამოვიდნენ და არ დარჩნენ სახლებში, რადგან ამდენი ქართველი შემსრულებელი იშვიათად იყრის თავს ერთად. შესრულდება ყველასთვის საყვარელი სიმღერები, თბილისის მერიის ბიგ-ბენდს ჟანრობრივად ფართო შესაძლებლობები აქვს.

მე ვასრულებ სიმღერებს „ჩიტი გვრიტი“ და „ჩარი რამა“.

იყო მოსაზრება, რომ მხოლოდ თბილისზე სიმღერები შესრულებულიყო, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ის სიმღერები გვემღერა, რომლებიც მსმენელმა სხვადასხვა კინოფილმიდან ან კონკრეტული არტისტებისგან შეიყვარა, გვინდა, მათ სიცოცხლე გააგრძელონ და ისინი მომავალმა თაობებმა უნდა გაიზიარონ.

გიორგი, გარდა ამისა, რა სიახლეები გაქვს შემოქმედებითად?

ძალიან ბევრი სიახლეა. ვემზადები კლიპის გადასაღებად ზაზა წურწუმიას სიმღერაზე, მელოდიაც და ტექსტიც მას ეკუთვნის, კლიპს გადაიღებს ზაზა ორაშვილი.

მყავს ჩემი ბენდი, გავაკეთე ახალი პროგრამა და ეს კოლექტივი ძალიან დაკავებულია სხვადასხვა ღონისძიებაზე.

მინდა ახალი ალბომის გაკეთება, რეპერტუარი და კონცეფცია შერჩეულია, თუმცა მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს ახლავს ფინანსების თემა, რომლის გარეშეც გრანდიოზული რაღაცის გაკეთება შეუძლებელია, მე კი არ მიყვარს თითო-თითო სიმღერის ჩაწერა და ეს შეიძლება, ჩემი აქილევსის ქუსლია. ჩვენთან ასეა, ერთ სიმღერას ჩაწერენ და მერე იმის ინერციით მიდიან. მომწონს მასშტაბური საქმეების კეთება.

გიორგი, წვერზეც უნდა გკითხო. აჰყევი საყოველთაოდ დამკვიდრებულ ლამბერსექსუალობის მოდას?

(იღიმის) მინდა, მოარულ ხმებს, რომ რამეს ავყევი, თქვენი საშუალებითაც ვუპასუხო. თეატრალურში სწავლის დროსაც, დაახლოებით 10 წლის წინ, არანაკლები სიდიდის წვერითა და თმით დავდიოდი. ლამბერობა არ დამიწყია, ჩვეულებრივი ქართული წვერებიანი კაცი ვარ და აქ კონკრეტული ტერმინი არ არის საჭირო. უბრალოდ, მომწონს ასე ყოფნა.

ნინო მურღულია