LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი იწყება

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი იწყება. კულტურის სამინისტროს ცნობით, დღეს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის.

მუსიკოსი პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს შეასრულებს ახალი ალბომიდან “Wallflower”. 23-29 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ.

დაიანა კროლის კონცერტის შემდეგ, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი.

სამინისტროს ცნობით, მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის ექვსდღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი “Fourplay”.