გენიალურ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს, წელს, 10 აგვისტოს, 80 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტების სერია ბერლინის „კონცერტჰაუზში“ 22 აგვისტოს დაიწყო და წარმატებით გრძელდება საქართველოში.
ბრიუსელის ხელოვნების სასახლის „ბოზარის“ შემდეგ, 30 ოქტომბერს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობას ქუთაისი უმასპინძლებს. კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.
საიუბიელო კონცერტში მონაწილეობენ: სოლისტები – ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და გიორგი ცაგარელი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი.
ღონისძიებაზე შესრულდება გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ნაწარმოებები, მინიატურები ალტისა და ფორტეპიანოსთვის და „სტიქსი“.
