”გვინდა აკომპანიმენტი ნაკლები იყოს და აქცენტი მათ ხმებზე გავაკეთოთ”
გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” კვინტეტი ნონაკორდი და ბატონი გია ნაცვლიშვილი ესტუმრნენ. შეგახსენებთ, ბატონი გია კვარტეტ ოთხი გიას წევრია.
– ბატონო გია, რა კავშირი გაქვთ თქვენ ნონაკორდთან?
– კვინტეტში არის ერთი ახალგაზრდა, გია ავაგულაშვილის შვილი, ის ჩემი ნათლულია და ზუკამ მაიძულა რომ რაღაც წამომეწყო. მას მეორე ახალგაზრდა მოყვა, თემურ გუგუშვილის შვილიშვილი. სწორედ მათგან წამოვიდა იდეა. დაგვემატა პირველი ხმა გიორგი ნარმანია, აკაკი გუგუშვილი და ირაკლი მკალავიშვილი. სხვათაშორის, ჩემი და ირაკლის ხმა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რაღაც კარგი რომ წამოიწყო, ამისათვის საჭიროა კეთილი ადამიანების დახმარება. მე ვმუშაობ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ ”გორგასალში” და მისმა რექტორმა, მზია ქათამაძემ აიღო თავის თავზე, რომ ჩვენთვის ეპატრონა. შეგვიქმნა პირობები სარეპეტიციოდ. სიმღერებს ნუკრი რუხაძესთან, ჩემს მეგობართან ვწერთ.
– რატომ არ გაგიჩნდათ ოთხი გიას დროს მეხუთე გიას დამატების სურვილი?
– სხვათაშორის გვყავდა მეხუთე გია, ეს იყო გია მაჭარაშვილი. თუმცა, ოთხი გია ძალიან პოპულარული იყო მაშინ. ერთხელ აზერბაიჯანში მივდიოდით, მაშინ გია ჭანტურია იყო ელჩი. წავედით აქედან ოთხი გია, გია მაჭარაშვილი, ელჩი და მიკრო ავტობუსის მძღოლიც გია იყო. ძალიან კურიოზული სიტუაცია შექმნა.
– კვინტეტში მხოლოდ ბიჭები რატომ არიან?
– უბრალოდ დაემთხვა, სამი მათგანი გალობს და ერთმანეთი მოიყვანეს. ამ სტილისთვის გამოუცდელები იყვნენ. თითქმის ყველა უკრავს გიტარაზე და მე ცოტა სხვა სტილი შევთავაზე.
– თქვენ თუ მღერით მათთან ერთად?
– ვცდილობ რომ არ ჩავერთო. გვინდა რომ აკომპანიმენტიც ნაკლები იყოს და აქცენტი მათ ხმებზე გავაკეთოთ.
– თუ გიფიქრიათ ბიჭების საზღვარგარეთ წარდგენაზე?
– აუცილებლად. ადამიანი როდესაც რაღაცას აკეთებ, ამაზეც ფიქრობ. ჩვენ გვინდა ორიგინალური მუსიკა გავაკეთოთ. ვცდილობთ რაიმე განსხვავებული მოვიფიქროთ.
– რას ნიშნავს ნონ კორდი?
– ეს სიტყვა მუსიკაში ნიშნავს ხუთ ხმიან აკორდს. მუსიკოსებისთვის ძალიან მარტივი სახელწოდებაა.
– გაგვეცანით ბიჭებო…
სოსო მჭედლიშვილი: – მე ვარ ლუდზე დაწერილი სიმღერის ავტორი. დიდი მოყვარული ვარ ლუდის.
ვარ აკაკი გუგუშვილი: – რაჭველი, ნელი და დინჯი ვარ, კარგი ჩაფსკვნილი. ბაბუა ოპერის მომღერალია, ორი წლიდან ოპერაში გავიზარდე. ძალიან მიყვარს ეს სფერო. მე მეორე ხმა ვარ.
ზუკა ავაგუმაშვილი: – ყველაზე უმცროსი ვარ კოლექტივში. 11 წლის განმავლობაში ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი. ასევე ვგალობ და ერთი წელია რაც კვინტეტი გვაქვს.
ირაკლი მკალავიშვილი: – ბავშვობიდან ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან ვმღეროდი. მეც ასევე მგალობელი ვარ.
გიორგი ნარმანია: – მუსიკასთან შეხება რაც მაქვს მეხუთე წელია. სიმღერისა და გალობის სასწავლებელში ვსწავლობდი. შემდეგ მოვხვდი ბატონ გიასთან. ქალაქური სიმღერების გამოცდილება არ მაქვს, ახლა ვიდგამ ფეხს.
– მეგრელს შეგნებულად არ ვეკითხები, შესაძლოა მომატყუოს, ამიტომ რაჭველს ვკითხავ, როგორია ბატონ გიასთან მუშაობა?
აკაკი: – მკაცრი შენიშვნები აქვს ხოლმე, მაგრამ ესეც ტკბილად გამოსდის.
– დანარჩენი გიები თუ არიან ჩართულნი ამ საქმეში?
– ყველას თავისი საქმე აქვს, მხოლოდ მე აღმოვჩნდი უსაქმური. რაც შეეხება კონცერტებს, ძალიან იშვიათად. როდესაც რეპერტუარს აკეთებ, მიზანი უნდა გქონდეს და იცოდე რატომ აკეთებ. თავიდან, როდესაც ჩვენ ოთხი გია შევიკრბეთ, თავისთავად მოხდა. მეგობრები ვიყავით და დინებას გავყევით. მალე გავხდით პოპულარულები. გამართლებაც საჭიროა.
– რა მიზანი აქვს ნონაკორდს?
– პირველი მიზანი არის ის, რომ ჩვენი თავი საქართველოსთვის გვეჩვენებინა. ძალიან მალე ჩვენი ახალი ალბომი გამოვა. განსხვავებულად იქნება შესრულებული სიმღერები. ოთხ გიაშიც ამას ვცდილობდით. არ გვინდა გადატვირთული ფონოგრამები და ვცდილობთ ვოკალი გამოვაჩინოთ. რეპერტუარი გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი. ყველას აქვს ხალხური სკოლა გავლილი, ძალიან კარგად მღერიან ხალხურ სიმღერებს. იმდენად ორიგინალურად გამოგვდის, რომ ჩემი აზრით ასე არავინ მღერის. გვაქვს ახალი სიმღერებიც, რომლებიც სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ არის შექმნილი. ალბომს სახელწოდება არ აქვს.
– როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თქვენი მუსიკა კომერციული?
– გარდა იმისა, რასაც დისკისთვის ვაკეთებთ, კიდევ ძალიან ბევრი სიმღერა გაქვს. თავისუფლად შეგვიძლია ორი საათი გადაბმულად ვიმღეროთ. გარდა ინგლისური ენისა, გვაქვს მეგრული, აფზაზური და სვანური სიმღერები. მხოლოდ ერთი წელია რაც შევიკრიბეთ.
– როგორ წარმოგიდგენიათ ნონაკორდის მომავალი?
– ძალიან გამიხარდება თუკი მათ მსოფლიო გაიცნობს. ამბიცია დიდია. გვაქვს ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდიც, სადაც ჩვენი სიახლები იქნება წარმოდგენილი.
კვინტეტი “ნონაკორდი” – ვინა სთქვა
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
კვინტეტი “ნონაკორდი” – მარწყვის ტუჩა. Live
კვინტეტი “ნონაკორდი” – მრავალჟამიერი. Live
კვინტეტი “ნონაკორდი” – მეგრული. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
