LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მიქელაძე სიზარმაცეზე, რესტორანზე, წიგნსა და ახალ სიმღერაზე

Ardaidardo.Ge”როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ცუდი სიმღერა უნდა მოვისმინო, რომ უცებ ხასიათზე მოვიდე”

 

გადაცემას “დამზადებულია საქართველოში” თამუნა მიქელაძე ესტუმრა.

– შენი სიმღერები ბევრი არ არის ”არ დაიდარდოს” ბაზაში, რატომ? მხოლოდ ერთი სიმღერა, ”ვერ შეგელევი” გადის…

– ხშირად ტაქსით მგზავრობისას მომისმენია ჩემი სიმღერა და ძალიან ამაყი ვყოფილვარ. ამ სიმღერაზე თავიდან გავაკეთე არანჟი პეკესთან, ”ბრავო რეკორდსში”. საქართველოში ყველა ვამბობთ, რა აზრი აქვს რაიმეს კეთებას, თუმცა, სახლში არავინ მიგვიკაკუნებს. სიმღერა ძალიან მიყვარს, ყოველ დღე ვმღერი რესტორანში. მაქვს კიდევ ახალი სიმღერები, რომლებსაც აუცილებლად მოვიტან. ძალიან ზარმაცი ვიყავი, ვაღიარებ…

– რამდენი წლის ხარ და რამდენი წელია მღერი?

– 30 წლის ვარ, ვმღერი 7 წლიდან. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, იმდენად კარგი, რომ ვიხსენებ, ბედნიერი ვარ. ჩვენ 6 დედმამიშვილი ვართ. მამამ მე და ჩემი და მიგვიყვანა სტუდია ”ლახტში” ბათუმში, რობერტ ბარძიმაშვილი ხელმძღვანელობდა მას. 17 წლამდე სტუდიის სოლისტი ვიყავი. შემდეგ თეატრის სტიპენდიანტი ვიყავი. ძალიან მიყვარს კონკურსები, ვიყავი ”ჯეოსტარში”, ”ბრავოში”… ოჯახის წევრს ყველას აქვს სმენა, უკრავენ სმენით.

– რა მოგცა ამ პროექტებში მონაწილეობამ?

– ბევრი რამ შემძინა. პირველი პროექტი იყო ”ნუცას სკოლა”. თუმცა მანამდე სცენაზე დგომის დიდი გამოცდილება მქონდა. დღესდღეობით, შესაძლოა ბევრი არ მიცნობს, მაგრამ ვინც მიცნობს, დიდ წილად სწორედ სატელევიზიო პროექტების დამსახურებაა. მხოლოდ ერთი სიმღერა მაქვს. ბავშვობიდან მიყვარს ფრანგული სიმღერების სტილი, ჩაცმულობა… მსმენელს ფრანგული სიმღერების შესრულებით ვახსოვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ვმღერი, ძალიან მენატრება დიდი სცენა, ამიტომაც გავაქტიურდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამოვფხიზლდი.

– ახსენე რომ რესტორანში მღერი, ამბობენ, რომ ყოველ საღამოს დატვირთვა აფუჭებს ხმას, თქვენ რა აზრის ხართ?

– არ ვეთანხმები, არის რესტორნები, სადაც რამდენიმე მომღერალია და მხოლოდ 5-6 სიმღერის შესრულება გიწევს საღამოს. ახლა უკვე ვფიქრობ არა ყოველდღიურობაზე, არამედ მომავალზე. მყავს ერთგული მსმენელები. გარდა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისა, ვგრძნობ, როდესაც ვმღერი, რომ ჩემი მსმენელები არიან.

– რომელ სიმღერაზე გახსენდება ყველაზე დიდი ემოცია?

– ისევ და ისევ ფრანგულ სიმღერებს მოჰყვება ხოლმე აღტაცება. ედიტ პიაფის სიმღერაა ჩემი სავიზიტო ბარათი.

– თავად რას უსმენ?

– ყველაფერს, კარგსაც, ცუდსაც. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ცუდი სიმღერა უნდა მოვისმინო, რომ უცებ ხასიათზე მოვიდე.

– ვინ არის შენი პირველი მსმენელი?

– პირველი მსმენელი კონკრეტულად სიმღერაზე ”ვერ შეგელევი” იყო გიორგი წერეთელი. ის ჩემი მეგობარია, ასევე ჩემი მეუღლე და რა თქმა უნდა დედა.

– სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ, გაქვს სოლო კონცერტის, ალბომისა და კლიპის იდეა…

– ამჟამად მხოლოდ ”ვერ შეგელევი” მაქვს. რამდენიმეს მალე გავამზადებ. მაქვს საკუთარი სიმღერაც. რაც შეეხება კონცერტს, 5 წლის უკან მინდოდა გამეკეთებინა… ვიყავი ზარმაცი, ვაკრიტიკებ საკუთარ თავს. ბათუმის ხელოვნების ცენტრში 28 ივლისს გაიმართება ჩემი სოლო კონცერტი, შევასრულებ ქართულ და ფრანგულ სიმღერებს.

– რაზეა წიგნი, რომელსაც შენ წერ?

– 12 წლიდან ვწერ, ჯერ საიდუმლოა და სიურპრიზს ვუმზადებ ოჯახსა და მეგობრებს. რომ დავასრულებ, მინდა ჩავაბარო ისეთ ადამიანს, რომელიც შეასწორებს. ის არის ჩემზე, ცუდ წლებზეც, კარგ წლებზეც. წიგნს ერქმევა ”ნაბიჯი შემოქმედებისკენ”.

–  ახალ სიმღერაზე გვესაუბრე, მოგვიტანე ლია ცეცხლაძის სიმღერა, რომელსაც შენ წარადგენ …

– დიახ, ავტორი არის კომპოზიტორი ლია ცეცხლაძე, ის იტალიაში მოღვაწეობს. ეს სიმღერა დიდი ხნის წინ დაიწერა და ჩაიწერა. ხვიჩა მაღლაკელიძე უკრავს. არის იეთიმ გურჯის ტექსტი. ჰქვია ”წერით, მღერით დავიღალე”…

გადაცემის აუდიო ჩანაწერი 

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – TAMUNA MIQELADZE damotanebuli

ლია ცეცხლაძე – წერით მღერით დავიღალე

AudioLIA CECXLADZE – CERIT MGERIT DAVIGALE

თამუნა მიქელაძე – ვერ შეგელევი. Live.


თამუნა მიქელაძე – იები. Live.


ვიდეო კოლაჟი


ფოტოები