იტალიური გამოცემა ”გაძეტა დელო სპორტი” მთელი ევროპის მასშტაბით ტრადიციულად შაბათ-კვირის სიმბოლურ გუნდს ადგენს. გასული უიქ-ენდის საუკეთესო ფეხბურთელად ”ვალენსიას” კაპიტანი პარეხო დაასახელა, რომელმაც ”სელტასთან” გასვლით მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა.
კარში დგას ასევე პრიმერას წარმომადგენელი, ”რეალის” ექსმეკარე და ამჟამად ”ბეტისელი” ადანი, რომელმაც ”მალაგასთან” გასვლით მატჩში გამოიჩინა თავი.
დაცვა ინტერკონტინენტალურია. აქ არის ლონდონურ დერბიში შეცვლაზე შესვლის შემდეგ ”არსენალის” მარცხისგან მხსნელი გიბსი; ფრანგული ლიგიდან 38 წლის ბრაზილიელი ჰილტონი (მონპელიე) და ბუნდესლიგელი გინტერი დორტმუნდიდან, რომელიც გოლითა და საგოლე პასით რურის დერბის ერთ-ერთი გმირი გახდა.
ნახევარდაცვის ოთხეულიც სხვადასხვა პირველობიდანაა. აქ არის ლინგარდი, რომელმაც პირველად გაიტანა ”მანჩესტერის” რიგებში; ბრწყინვალე ფორმაშია დუგლას კოშტა ”ბაიერნიდან”. ერთი ადგილი ისევ საფრანგეთს ეკუთვნის, რომელსაც ”კაენის” ვეტერანი ფერე წარმოადგენს. მეოთხე კი ზემოხსენებული პარეხოა ”ვალენსიიდან”.
თავდასხმაშია პრემიერლიგაში ზედიზედ 9 ტურში გამტანი ვარდი ”ლესტერიდან”, ლიგა 1-ის თანაბომბარდირი იბრაჰიმოვიჩი და ”ბარსელონელი” ნეიმარი, რომელმაც დიდებული გოლი გაიტანა.
