გადაცემას ”რადიო დუეტი” ავტორ-შემსრულებელი დავით არჩვაძე ესტუმრა.
– როგორც იქნა მოაღწიე…
– სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნამდვილად მოვაღწიე… ძალიან დიდი პოზიტივი მოდის შენგან, თაკო.
– იყო დრო, როდესაც სევდიანი სიმღერებით სტუმრობდი ხოლმე ჩვენს ეთერს, ეხლა პოზიტივზე გადახვედი? შენი დაწერილი სიმღერა ლელა წურწუმიასთვის, ისიც სევდიანია…
– დიახ, ბოლო რამდენიმე წელია, მუზებში სულ სხვა ენერგია წამოვიდა. ლელას სიმღერა მეამაყება. მიმაჩნია, რომ სევდა იმდენად ლამაზი რამეა, ყველა ადამიანს ახლავს. გიჟი უნდა იყოს ადამიანი, რომ რაღაც არ სტკიოდეს… ნებისმიერი თქვენთაგანი, რომელიც ეთერში ზის, შეიძლება სულაც არ იყოს კარგ ხასიათზე, მაგრამ ეს არ უნდა შეგეტყოს, ეს არის პროფესიონალიზმი.
– საათს რომ დავხედე და ხუთი ხდებოდა, ვიფიქრე დააგვიანებს თქო, გამიკვირდა რომ არ დააგვიანე, რატომ?
– გამომასწორა მეუღლემ და ამერიკამ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენს გვერდით, ვინ გილამაზებს ცხოვრებას, არსებობის ძალიან დიდი სტიმულია, კალაპოტში მოგიყვანს და მასთან ერთად გიხარია ყველაფერი.
– შენი ახალი სიმღერა მეუღლეს ეძღვნება, მისი ტელეპრემიერა უკვე შედგა ეკა ხოფერიას თოქშოუში…
– ოქტომბერში მე და ჩემს მეუღლეს, ეთუნას ქორწინებიდან სამი წელი შეგვისრულდა. გადავწყვიტე ორიგინალურად მოვფერებოდი. სპეციალურად დავწერე და ჩავწერე, თუმცა, მუზა ცოტა უფრო ადრე, თავისით მოვიდა. წავედი სტუდიაში ჩუმად, ჩავწერე დაველოდე აღნიშნულ თარიღს და წავედი ეკასთან. იქ ვთქვი, რომ ვასრულებდი სიმღერას პირველად. სახლში, ტელევიზორიდან გაიგო ჩემმა მეუღლემ. ეთუნას მესიჯი მივწერე, ბავშვი დასვით ტელევიზორთან, მე ვიქნები თქო. მე რომ ვარ ტელევიზორში, ჩემს შვილზე, ნიკუშაზე ბედნიერი არავინ არ არის, ვითომ სიურპრიზს ნიკოლოზს ვუკეთებდი. მთავარმა ობიექტმა ძალიან მოიწონა. ჩემი მთავარი კრიტიკოსია, არ შემარჩენს პატარა ნოტსაც კი, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. რა გულითაც დაიწერა, მინდა ისეთი გულით მიიღოს ყველამ. ყველა გააძლიეროს ღმერთმა სიყვარულში, ისე რომ გათენება ყველას უხაროდეს.
– ასეთი შეყვარებული მე არ მახსოვხარ…
– ძალიან განსაკუთრებული სიმღერები გამომდის ნამდვილად. ნანა ცინცაძე ისეთ ტექსტებს წერს, სულ ვამბობ ხოლმე, სიყვარულს გახსნევინებს თქო. მე და ნანა ასევე ჩუმად დავსხედით და დავწერეთ სიმღერისთვის ტექსტი. მაქვს ასევე სიმღერა ”თვალებს გიკოსცნიან ჩემი სიმღერები”, ეს ჯვრისწერის ღამეს ვუმღერე. მამა თავმას ჩოხელის ტექსტია. ქეთი გაბისიანმა, ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა მისაჩუქრა სიმღერა, რომელიც სულ პირველად ვუმღერე ჩემს მეუღლეს. ასევე დავწერე ერთ-ერთი კულმინაციური სიმღერა, რომელმაც ჩემდა საბედნიეროდ ფურორი მოახდინა, ყველა სუფრასთან, ყველა შეკრებაზე, ყველა მღერის ამ სიმღერას. ეს ჩემთვის, როგორც ავტორისთვის უდიდესი გამარჯვებაა. ”თურმე როგორ მყვარებიხარ, თურმე როგორ მჭირდები” ხალხური სიმღერასავით გახდა. მეგობრები მეუბნებიან, რომ ამ სიმღერით იწყებენ და ასრულებენ სუფრას. ესეც ჩემს მეუღლეს ეძღვნება, გავახილე თვალები, შევხედე და დავწერე.
– ბევრ კვარტეტს უკავშირდება შენი სახელი, რა ხდება კვარტეტებთან მიმართებაში?
– ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა ასეთ წარმატებას მიაღწიეს. კვარტეტები შევქმენი, დავაკვალიანე და დავაფრთიანე. მე ვარ ამაყი, როგორც შექმნელი და დამაარსებელი. შემოქმედებითი გზები გაიყო, ახლა ისინი თავად აგრძელებენ მოღვაწეობას, ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ”ქართული ხმების” კვარტეტი ძალიან აქტიურია. ბოლოს სლოვაკეთში ვიყავით, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით. კვარტეტი ჩაწერს ბევრ ახალ სიმღერას, თუმცა, მალე თქვენთან მოვიტან სიმღერას რაჭაზე. მთელი რაჭველები ერთად დავდექით – ავტორი რაჭველი ვარ, ლექსის ავტორი რაჭველია, კვარტეტშიც სამი რაჭველი ვართ, კიკაბიძეც გავარაჭველეთ, ნელი მოძრაობები აქვს უკვე. ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მან საოცრებები გააკეთა. ჩვენ მუდმივად მასთან ერთად ვმუშაობთ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთი ამოუწურავი პროფესიონალიზმისთვის.
დათო არჩვაძე – გათენება მიხარია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
დათო არჩვაძე – თურმე როგორ მყვარებიხარ. Live
ფოტოები
