როდესაც ჯორჯ კლუნიმ ამალ ალამუდდინს ცოლობა სთხოვა, არც ძვირფასი საჩუქარი დაუნანებია – მან საცოლეს 680 ათას დოლარად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
მას შემდეგ ამალს აქსესუარი თითიდან არ მოუხსნია. თუმცა, ცოტა ხნის წინ ადვოკატმა იფიქრა, რომ ასეთი ძვირფასი სამკაული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადამიანის იმიჯს არც ისე ერგება. ჰოლივუდის მსახიობის ცოლმა გადაწყვიტა, რომ სასამართლო პროცესებზე ასეთი ბეჭდით გამოჩენა, სადაც მას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგები, უადგილო იქნება.
„ამალს ძალიან მოსწონს საკუთარი ბეჭედი და ყოველთვის თან ექნება, თუმცა არა სასამართლო პროცესებზე. მას სურს შედარებით უბრალო და ნაკლებად შესამჩნევი აქსესუარები ეკეთოს სასამართლო სხდომებსა თუ კლიენტებთან შეხვედრისას,“ – ამბობს „Mirror“-თან წყარო.
ამალ კლუნის მეგობრები ამბობენ, რომ ახლა ადვოკატი აპირებს პლატინის სადა ბეჭდის შეძენას Cartier-სგან. ცოლის აზრს სრულებით იზიარებს ჯორჯ კლუნი.
ამჟამად ამალი მალდივების ყოფილი პრეზიდენტის საქმით არის დაკავებული. სხვა ცნობილი პირების გარდა, კლუნი იყო იულია ტიმოშენკოსა და ჯულიან ასანჟის ადვოკატი.
