პარიზში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე დასასწრებად ყველა მონაწილე ქვეყნის ლიდერი უკვე ჩავიდა. ფორუმი საფრანგეთში დღეს გაიხსნება. მასში მონაწილეობას 200-მდე ქვეყნის ლიდერი მიიღებს. პოლიტიკოსები ეცდებიან ახალ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც შეცვლის 1997 წელს მიღებულ კიოტოს პროტოკოლს.
საფრანგეთში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე უმასპინძლებს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, COP21-ის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს.
„კონფერენციაზე უნდა დაიდოს ამბიციური და მდგრადი მსოფლიო შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს, მსოფლიოში ტემპერატურის მატება 1,5-2 C◦-ის ფარგლებში შენარჩუნდეს და ამრიგად, მომავალ თაობებს უკეთესი მომავლის პერსპექტივა შეექმნათ. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა და მსოფლიოს მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მრავალი წლის წინ დაწყებული დისკუსიები წარმატებით დაგვირგვინდება. საფრანგეთს, რომელიც ამ კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ღირსეული შედეგის მისაღწევად. მოლაპარაკებებისთვის ძლიერი და საბოლოო პოლიტიკური იმპულსის მიცემის მიზნით, გიწვევთ, პირადად მიიღოთ მონაწილეობა პარიზის კონფერენციის გახსნის ცერემონიაში, 2015 წლის 30 ნოემბერს“, – ნათქვამია ფრანსუა ოლანდის და ლორან ფაბიუსის მოწვევის წერილში.
პარიზში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ზოგი საჯარო ღონისძიება გაუქმდა, პარიზის გარეუბან ლა ბურჟესთან, სადაც ფორუმი მიმდინარეობს, 3 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული. პარიზის მასშტაბით კი პატრულირებას 120 ათასი პოლიციელი და სამხედრო მოახდენს.
