LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეოთხე „გეიმჯემი“ 12 დეკემბერს გაიმართება

12 დეკემბერს თბილისში Game Jam ბრუნდება. „ივენთ ჰოლში“ რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი სეგმენტიც „ქოსფლეი“ იქნება. ეს გახლავთ ვიდეოთამაშების, ფილმებისა და ანიმაციის საყვარელი პერსონაჟების კოსტიუმირებული შოუ, რომლის დროსაც მონაწილეები საკუთარი ხელით დამზადებულ კოსტიუმებს წარმოადგენენ და პერსონაჟებს განასახიერებენ. ამჯერად საკუთარ რჩეულს ღონისძიების სტუმრები თავად აირჩევენ, ჯილდოდ კი ტრადიციულად „Playstation 4“-ია დაწესებული.

ღონისძიების კიდევ ერთი მთავარი ნაწილია საქართველოში წარმოებული ვიდეოთამაშების დათვალიერება/დატესტვა. გარდა ამისა, თბილისში ჩამოდიან Casual Connect Amsterdam-ისა და Indie Prize-ის ორგანიზატორები, რომლებიც საკუთარი კონკურსის შესახებ ისაუბრებენ. კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი ახალი პროექტის შექმნა, დეველოპერებს შეუძლიათ უკვე მზა, ანუ თავიანთი საუკეთესო თამაში წარადგინონ და სპეციალურ ლინკზე ატვირთონ. პროექტების ატვირთვის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი. საუკეთესო პროექტის ავტორს  ჯილდოდ 2016 წლის თებერვალში დაგეგმილ ამსტერდამის „კაზუალ კონექტის“ საგზურს გადასცემენ.

ღონისძიების სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ, შეიძინონ თამაშების, ფილმებისა და ანიმაციის თემაზე მხატვარ ნინო კვაჭაძის ორიგინალური ნამუშევრებიც. დაგეგმილია სანახაობრივი შეჯიბრი „მორტალ კომბატში“ და სხვა.

Game Jam-ის ორგანიზატორია ვიდეოთამაშების საინფორმაციო პორტალი GameLand Georgia და ვიდეოთამაშების დეველოპერთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოში IGDA Georgia.

Game Jam წარმოადგენს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რეგულარულად ტარდება. თბილისში ის პირველად 2014 წლის თებერვალში გაიმართა და მას შემდეგ სამჯერ ჩატარდა. სამივე Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა 200-მდე ვიდეოთამაშის პროტოტიპი, რომელთა ნაწილიც დეველოპერებმა მოგვიანებით დაასრულეს და შესაბამისი მარკეტინგული განვითარებაც მისცეს.  

წინა სამი Game Jam-ის მონაცმებს თუ გადავხედავთ, მასზე დამსწრეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. თუ პირველ Game Jam-ს მხოლოდ 500 ადამიანი დაესწრო, მესამე ღონისძიებას 1300 უნიკალური სტუმარი ჰყავდა.

aMZs5V0