“1751 კუბო შეუკვეთეს! იცით, რომ დაიხოცება ხალხი იმ თქვენი 1 ლარი და 18 თეთრით,” – ასე გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტს “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პრემიებსა და დანამატებს იზრდის, ხოლო მოქალაქეებს “ძვლის ნამტვრევებით” უმასპინძლდება.
“არავითარი ბიუჯეტი სახელმწიფოს არ გააჩნია. ეს არის გადასახადებისგან შექმნილი დიდი ქისა, საიდანაც მილიონობით თანხა მათ ჯიბეში, ბიზნესში მიედინება. დარჩენილი ძვლის ნამტვრევები მიედინება მოსახლეობისკენ. ივანიშვილის რეჟიმი და მისი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ, თურმე, 1 ლარი და 18 თეთრი მოქალაქეს ეყოფა, როცა ზოოპარკში ცხოველებზე 50 ლარია გამოყოფილი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხორცს ჭამს.
“ზოოპარკის ნორმები მაინც აიღეთ, სირცხვილი აღარ გაქვთ? ხალხში არ უნდა დაბრუნდეთ?”- განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყოს.
