LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდი სტრატეგიული კომპანიების აქტივებს ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნებს

აქტივები, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მართავს, მისი გარდაქმნის შემდეგ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განუცხადა, ფონდის  მფლობელობაში არსებული აქტივები სახელმწიფოს  ფონდის რეორგანიზაციის შემდეგ დაექვემდებარება. “რა ფორმით მოხდება ეს, ამას მთავრობა გადაწყვეტს. შეიძლება აქტივების მმართველი ახალი ფონდიც შეიქმნას,”- განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია შეიქმნას გარკვეული სტრუქტურა, რომელიც მართვას განახორციელებს სატრასტო ფუნქციებით. “შეიძლება აქტივები პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მათ მიერ მიღებული შემოსავლები და დივიდნედები, უშუალოდ ბიუჯეტმა უნდა მიიღოს,” – აღნიშნა საგანელიძემ.

სს „საპარტნიორო ფონდი”, როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე 2011 წელს დაარსდა.

ფონდის აქტივების პორტფელი შედგება სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: საქართველოს რკინიგზა – 100% წილი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი;  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – 100% წილი; სს თელასი – 24.5% წილი.

„საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს “საქართველოს რკინიგზა” და “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” წარმოადგენენ.

 

საქართველოს განვითარების კორპორაციის კონცეფცია ამ დროისთვის დამუშავების ეტაპზეა. მისი ძირითადი ფუნქცია უცხოელი ინვესტორების ინფორმირება, რეგიონებში ბიზნესის წახალისება და სტრატაფების დაფინასება იქნება.