LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება

ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.0%-ით (1,8 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 13.9 მლრდ ლარს აჭარბებს, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს 2015 წლის მე-3 კვარტლის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით ბიზნეს-სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

„2015 წლის III კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.0%-ით (1,8 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 13.9 მლრდ ლარს აჭარბებს. ხოლო 2015 წლის 9 თვეში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით (4,6 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 37.8 მლრდ ლარს აჭარბებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 10.6%-ით ანუ 677.7 მლნ ლარით აღემატება 2014 წლის  III კვარტლის მაჩვენებელს და 7,1 მლრდ ლარს აჭარბებს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება,  რაც, მისი განცხადებით,  მნიშვნელოვანია მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა  და ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

„2015 წლის მე-3 მონაცემებით, ბიზნეს სექტორში 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (9.3% ზრდა) ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში.  სულ დასაქმებულთა რაოდენობამ შეადგინა 568,6 ათასი ადამიანი. აქედან, 2015 წლის მე-3 კვარტალში, 2011 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 208 569 კაცით (57.9%-ით)“ – აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია ამ პერიოდში ხელფასების მატებაც. მისი თქმით, ბიზნეს-სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წლის III კვარტალში 961,1 ლარი შეადგინა, რაც 12,8% (109.4 ლარით) აღემატება 2015 წლის I კვარტლის, ხოლო 8,3% (73.5 ლარით) აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს.

„აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება და მთავრობა ყველაფერს აკეთებს როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე დასაქმების ხელშეწყობისთვის“ – განაცხადა მინისტრმა.

დღეს “საქსტატმა” 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.