ბევრისთვის თვითმფრინავით ფრენა უკვე სტრესია. ალბათ, არ მოიძებნება არავინ, ვისაც გული არ აჩქარებია ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის ან სწრაფად დაშვების დროს, რომ არაფერი ვთქვათ აეროპორტებზე, სადაც ასაფრენი ბილი პირდაპირ ზღვაში ან კლდეზეა მოწყობილი. გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ და სულისშემძვრელ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებს.
სენ-მარტენი, კარიბის ზღვა
კარიბის ზღვის კუნძულზე სენ-მარტენზე, პრინცესა ჯულიანას აეროპორტში დაფრენისას, პილოტებს მინიმალური სიმაღლის დაცვა უხდებათ და პრაქტიკულად სანაპიროს გარუჯული დამსვენებლების თავზე დაფრინავენ. სანახაობა მართლაც სულისშემძვრელია, როგორც მიწაზე მყოფთათვის, ასევე თვითმფრინავის მგზავრებისთვის.
მალე, მალდივები
მალდივის კუნძულების საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი კუნძულ ხულხულეს მთელ სიგრძეზეა მოწყობილი, რაც პილოტისგან მაქსიმალურ ყურადღებას და ზუსტ გათვლებს მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მფრინავი ოდნავ მაინც დაარღვევს საჭირო სიჩქარეს ან გადაიხრება დაშვების მოცემული ტრაექტორიიდან, თვითმფრინავი თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს წყალში.
მადეირა, პორტუგალია

პორტუგალიის კუნძულ მადეირას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, სერიოზულად შეიძლება შეშინდეთ, რადგან დასაფრენი ბილიკი აქ ციცაბო კლდის კიდეზე, ხიდის სახითაა გაკეთებული, რომელსაც მაღალი ბოძები იჭერს.
მასერუ, ლესოტო

მთიანი სამეფოს – ლესოტოს აეროპორტი აფრიკაში, ძალიან პატარაა, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი კი – მოკლეა და მადეირას მსგავსად ისიც ციცაბო კლდით სრულდება. ამბობენ, რომ აფრენისას პილოტებს გაქანება პირდაპირ კლდიდან უწევთ, რათა სიმაღლის აკრეფა უკვე თავისუფალ ფრენაში დაიწყონ.
კურშაველი, საფრანგეთი

თვითმფრინავის დასმა საფრანგეთის ალპების ამ ფეშენებელურ კურორტზე, მხოლოდ გამოცდილ პილოტებს შეუძლიათ სპეციალური კურსების გავლის შემდეგ. დათოვლილ კლდეებს შორის მოქცეული მოკლე დასაფრენი ბილიკი ისეთ სიმაღლეზეა მოწყობილი, რომ პილოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს ჩაეტიოს მოცემულ საზღვრებში. სხვა შემთხვევაში თვითმფრინავს მეზობელ აეროპორტში მოუწევს დაჯდომა.
ბარა, შოტლანდია

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო აეროპორტი შოტლანდიის პატარა კუნძულზე – ბარაზეა მოწყობილი. უნიკალური აეროპორტი თავისი ქვიშის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით ტრაი მორის ყურეს ფართო ნაპირზეა მოწყობილი. მოქცევის დროს აეროპორტი თავის ფუნქციას დროებით კარგავს, რადგან ის წყლით იფარება. ღამით კი, საერთოდ არ შეუძლია თვითმფრინავების გაშვება ან მიღება.
ანტარქტიკა

ყველაზე სახიფათო ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე საუბრისას, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ანტარქტიკა, რომელიც მარადიული ყინულითაა დაფარული. ყველაზე კარგ ამინდშიც კი, პილოტები იძულებული არიან თვითმფრინავი ყინულზე დასვან და მხოლოდ ხანგრძლივი სრიალის და მანევრირების შემდეგ გააჩერონ.
სან-პაულუ, ბრაზილია

საფრთხე ყოველთვის ბუნებრივი ან გეოგრაფიული მიზეზებით არაა გამოწვეული. ბრაზილიის ქალაქის სან-პაულოს მთავარი აეროპორტი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონშია მოთავსებული და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიც პირდაპირ საცხოვრებელი სახლების ეზოებში გადის, რაც დამატებით სირთულეებს პილოტებთან ერთად ქალაქის მობინადრეებსაც უქმნის.
ვაშინგტონი, აშშ

ბევრის გასაკვირად, ყველაზე სახიფათო აეროპორტების რეიტინგში ვაშინგტონის რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტიც მოხვდა. საქმე იმაშია, რომ დაფრენა აქ საკმაოდ დახელოვნებულ მანევრირებას – ბილიკის ბოლოში 35-40 გრადუსით მოხვევას მოითხოვს. მიზეზი საკმაოდ უცნაურია – პილოტების ვალდებულება დაიცვან არასაფრენი ზონები ამერიკის დედაქალაქის თავზე.
ვენეცია, იტალია

ვენეციაში, მარკო-პოლოს აეროპორტში დაშვება ერთდროულად სახიფათოცაა და სასიამოვნოც, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ვიწრო, ხელოვნურად შექმნილ ზედაპირზეა მოწყობილი, რომელიც წყლითაა გარშემორტყმული. თუმცა, ხედები ილუმინატორიდან მართლაც მშვენიერია.


