10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ადამი მედია პრიზი 2015“-ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება. ზემოხსენებული ჯილდო კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში, განკუთვნილია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებისა და მედიასპეციალისტებისთვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი).
კონკურსის მიზანია ტელე, კინო და მულტიმედია პროგრამების საშუალებით გაზარდოს მედიის ინტერესი ისეთი თემებისადმი, როგორიცაა მიგრაცია, სამოქალაქო ინტეგრაცია და კულტურული მრავალფეროვნება.
კონკურსზე 5 კატეგორიაში სულ 10 ფილმია წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის ფილმი „ნიკოს გზა“ „ადამი მედია პრიზის“ ნომინანტია.
ფილმის რეჟისორი გიორგი ცხვედიანია, ხოლო სცენარის ავტორი გივი ოდიშარია.
დაჯილდოების ცერემონიის ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს 10 დეკემბერს 19:00 საათზე „პირველი არხის“ ეთერში ექნება.
