თეთრი ზვიგენის თავდასხმა, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი და დაზიანებული პარაშუტი – ლეონარდო დიკაპრიმ საკუთარი ცხოვრების ყველაზე სახიფათო მომენტები გაიხსენა.
დეკემბრის ბოლოს ამერიკაში ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს და ლეონარდო დიკაპრიოს ერთობლივი ნამუშევარის – ახალი ვესტერნის ”ცოცხლად გადარჩენილი” პრემიერა შედგება. დიკაპრიომ კოლონისტი ჰიუ გლასის როლი შეასრულა, რომელმაც უმძიმესი დაზიანებები მიიღო დათვთან შეტაკებისას, საუკეთესო მეგობარმა კი ის მომაკვდავი დატოვა.

ახალი ნამუშევრით დიკაპრიო უკვე გახდა ”ოქროს გლობუსის” პრემიის ნომინანტი, ჟუნალ Wired-თან ინტერვიუში კი, რამდენიმე ისტორია გაიხსენა, როცა ის საოცრებით გადაურჩა სიკვდილს. ”თუ კატასავით ცხრა სიცოცხლე მაქვს, მაშინ რამდენიმე უკვე გამოვიყენე”, – ხუმრობით აღნიშნა ვარსკვლავმა.
დაივინგით გატაცებულმა დიკაპრიომ, სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის დროსაც გაიხსენა საკუთარი ჰობი და ზვიგენებით სავსე ოკეანეში მოინდომა ჩაყვინთვა. ოკეანის ფსკერზე ჰოლივუდის ვარსკვლავი სპეციალური დამცავი გალიით დაეშვა, თუმცა მშიერ და გაბოროტებულ ზვიგენს თავი მაინც ვერ დააღწია. როგორც აღმოჩნდა მტაცებელი იმ მომენტში თინუსზე ნადირობდა, ადამიანის დანახვაზე კი, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ”ის თითქმის შემოძვრა ჩემს გალიაში. ერთადერთი, რაც მოვახერხე – ფსკერზე დავწექი და ვცადე არ განვძრეულიყავი. მისი კბილები ძალიან ახლოს ტკაცუნობდა ჩემს თავთან. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ 30 წლის მანძილზე მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა”.
რუსეთში გადაფრენის დროს კომპანია Delta Airlines-ის თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი წაეკიდა. ”მე ბიზნეს-კლასით ვმგზავრობდი და ძრავაც ჩემს თვალწინ აალდა. ილუმინატორიდან გავიხედე და დავინახე, როგორ წაეკიდა ფრთას ცეცხლი. რამდენიმე წუთით პილოტებმა ორივე ძრავა გათიშეს. მთელი თვითმფრინავი ჩუმად იჯდა. სიტყვაც არ დასცდენია არავის. ძალიან დამთრგუნველი სიტუაცია იყო და ალბათ ვერასდროს შევძლებ დავივიწყებას. მოგვიანებით ისევ ორივე ძრავი ჩაირთო და ჩვენ ავარიული დაშვება მოვახდინეთ ნიუ-იორკის აეროპორტში”.

”კიდევ ერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო – პარაშუტით ინსტრუქტორთან ერთად გადმოვხტი. ძირითადი პარაშუტი არ გაიხსნა, რადგან სტროპები გადახლართული ჰქონდა. ინსტრუქტორმა სტროპები გადაჭრა, ჩვენ კი 5-10 წამი ფრენის მაგივრად თავისუფალ ვარდნაში ვიყავით. ვფიქრობდი ვერ გადავრჩებოდით, თუმცა ინსტრუქტორმა სათადარიგო პარაშუტი გახსნა და ისიც გადახლართული აღმოჩნდა. ჩემი მეგობრები ნახევარი მილით ზევით იყვნენ, მე კი, საშინელი სისწრაფით ვეშვებოდი ქვევით. ინსტრუქტორმა ჰაერში შეძლო პარაშუტის გამართვა და მითხრა: ”ვშიშობ, თქვენ ორივე ფეხს მოიტეხთ, რადგან ძალიან დიდი სიჩქარით მივფრინავთ. საბედნიეროდ გადავრჩით და ტრავმების გარეშე დავეშვით”.
მიუხედავად უზარმაზარი გამოცდილებისა, როგორც თავად დიკაპრიომ აღნიშნა, ინიარტუს ფილნში მონაწილეობა მისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ”გადასაღებ მოედანზე ყოველი დღე ძალიან რთული იყო. როცა ფილმს ნახავთ, მიხვდებით რისი გადატანა მოგვიწია”, – აღნიშნა მსახიობმა.
