ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში 26-27 დეკემბერს, მსმენელს შესანიშნავ საღამოზე დასწრება შეეძლო. ვახტანგ კახიძის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და ბენდთან ერთად, თავად მაესტრომ წარმოადგინა, ვოკალისტებად კი მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე და გოგა მესხი მიიწვია. ამ შემადგენლობით ვოკალისტებთან ვახტანგ კახიძე საკმაო ხანია თანამშრომლობს. პროექტი კი უკვე მეშვიდედ შესთავაზა მსმენელს.
მაყურებელთან წინასაახალწლო შეხვედრებმა ამაღელვებლად ჩაიარა. კონცერტებზე ვატო კახიძის შემოქმედებიდან საუკეთესო ნამუშევრები წარმოადგინეს. მაესტრომ დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ რეჟისორს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ფილმებისა თუ სპექტაკლებისთვის მუსიკის შესაქმნელად მიიწვიეს. მან დასძინა, რომ სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, მისი ეს ნაწარმოებები, რომლებიც ამ პროექტისთვის შეკრიბა, თაროზე დარჩენილიყო ან მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის გამხდარიყო ცნობილი. ყველაზე მეტჯერ, როგორც თავად აღნიშნა, ლევან წულაძის სპექტაკლებზე აქვს ნამუშევარი. გარდა ამისა, ყველას გვახსოვს არაჩვეულებრივი კინომუსიკა, მათ შორის ცნობილი „ალილო“, რომელიც ნანა ჯანელიძის „იავნანასთვის“ ან მერაბ კოკოჩაშვილის „ნუცას სკოლისთვის“ შექმნა.
ღონისძიება ორი განყოფილებისგან შედგებოდა. ვოკალისტებმა ცალკე ნომრებიც შეასრულეს და საღამოს განმავლობაში ორკესტრის განუყოფელი ნაწილიც იყვნენ. მოვისმინეთ განსაკუთრებული ნომრები, ნაცნობი მელოდიები საინტერესო მუსიკალური გადაწყვეტით.
საღამოს დასრულების შემდეგ მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა სცენიდან ვატო კახიძესა და კონცერტის მონაწილეებს. თავად მაესტრომ გამორჩეული მადლობა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს გადაუხადა, რომლებთან ერთადაც, მისივე თქმით, საინტერესო და დატვირთული სეზონი განვლო.
იმედი გვაქვს, პროექტი, რომელიც ქართული მუსიკის მოყვარულთ დაუვიწყარ სიამოვნებას მოგვგვრით, უფრო დიდ სივრცეშიც გადაინაცვლებს…
ნინო მურღულია
