2015 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა.
როგორც ”ფორტუნას” სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,6%-იანი კლება, ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები შემცირდა 1%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება გაიაფდა 0,8 %-ით.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: – 12-თვიან პერიოდში გაძვირდა 3,8 %-ით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაიზარდა 10,5%-ით. საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები გაძვირდა 8,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (10,8 პროცენტი); ტრანსპორტის ფასები შემცირდა 4,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე – 0,48 პროცენტული პუნქტით აისახა.
