LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს : დელისის მეტროსთან ადამიანი ძლიერი ყინვისგან არ გარდაცვლილა

 

დელისის მეტროსთან გარდაცვლილი ადამიანი უსახლკარო არ ყოფილა და სიკვდილის მიზეზი ყინვა არ გამხდარა, ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების იფორმაციით, მამაკაცი მეტროში ჩასვლისას შეუძლოდ გახდა და გამვლელებმა მის დასახმარებლად 112-ში დარეკეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, პატრული და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ მივიდნენ, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ს  ცნობით, სამართალდამცველებმა წინასაგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, 1949 წელს დაბადებულ მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც, სავარაუდოდ, ეს გახდა.

ოჯახის წევრებს პრეტენზია არ ჰქონიათ, მათთვის  ვითარება არ იყო საეჭვო, შესაბამისად, ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით არ დაწყებულა.

გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელისის მეტროსთან ხანდაზმული უსახლკარო მამაკაცი  ყინვის გამო გარდაიცვალა.