ვირტუოზი გიტარისტის, თემურ ყვითელაშვილის საიუბილეო კონცერტი 10 იანვარს, ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში გაიმართება. მუსიკოსს 7 პრემიერა აქვს დაგეგმილი, ასე რომ, ღონისძიებაზე მისულ მსმენელს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. კონცერტის მხარდამჭერია რადიო „არ დაიდარდო“. სწორედ ამ რადიოს ეთერში შედგა მუსიკოსის ახალი საახალწლო კომპოზიციის პრემიერა, რამდენიმე დღის წინ. კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია „არ დაიდარდოს“ ეთერში მალე აჟღერდება…
თემურ ყვითელაშვილი:
ეს არის ჩემი სოლოკონცერტი, საიუბილეოდ, რომელიც დაგეგმილი გახლდათ, თუმცა მანამდე, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, გავმართე კონცერტი და შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულთათვის გადავრიცხე.
ფილარმონიის დიდ დარბაზში მოსულ მსმენელს 7 პრემიერა ელოდება, მათ შორის წარვადგენ ორ ახალ, ჩემს შექმნილ კომპოზიციას, ერთ-ერთი გახლავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის„ ავე მარია“, ასევე გიტარისთვის დავამუშავე რევაზ ლაღიძის „განთიადი“.
ამ და სხვა კომპოზიციებს შევასრულებ ბენდის თანხლებით, შემდეგი შემადგენლობით: თემურ მაისაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი, მერაბ მამულაშვილი, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, დავით ჯაფარიძე და თემურ ყვითელაშვილი უმცროსი.
ღონისძიების რეჟისორი გახლავთ ნიკოლოზ შველიძე, ქორეოგრაფიაც იქნება, ეკრანზე გავა ვიდეო და ფოტოკოლაჟები. ვფიქრობ, მაყურებლისთვის საინტერესო კონცერტი იქნება. რასაკვირველია, მსმენელისთვის შევასრულებ რამდენიმე ძველ ნამუშევარსაც, რომლებიც მათ შეიყვარეს.
ალბომზეც ხომ არ მუშაობთ?
დიახ, პარალელურად ვმუშაობ ალბომზე, ვფიქრობ, 2016 წლის აპრილისთვის ის მზად უნდა იყოს.

