შპს ”ქართული წინდა” წარმოების გაფართოებას გეგმავს. უახლოეს მომავალში მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზრობებზეც გაიყიდება.
როგორც ”ფორტუნას” შპს ”ქართული წინდას” გაყიდვების მენეჯერმა, მარიამ გაგიევმა განუცხადა, კომპანია ამ ეტაპზე დიდ სავაჭრო და სააფთიაქო ქსელებშია წარმოდგენილი. ამას გარდა, აღნიშნული პროდუქციის ყიდვა მომხმარებელს თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში შეუძლია.
”ფასები იწყება 2 ლარიდან იწყება და 6 ლარამდე მერყეობს. ძირითადად ვაწარმოებთ წინდებს მამაკაცის, ქალისა და ბავშვებისთვის. ასევე ქალის კოლგოტებს და ბავშვის რეიტუზებს,”- აღნიშნა გაგიევმა.
როგორც ”ქართული წინდას” გაყიდვების მენეჯერმა ”ფორტუნას” განუმარტა, მომხმარებელს მათი პროდუქცია ძალიან მოსწონს, შესაბამისად რეალიზაცია არ უჭირთ. რაც შეეხება, ქართული წინდის საექსპორტო პოტენციალს, მარიამ გაგიევის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში ექსპორტზე გასვლაც შედის.
შპს ”ქართული წინდა” საწარმოს თბილისში, სანზონაში ფლობს. აქ 15-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმო 2011 წელს გაიხსნა და მასში „საქართველოს ბანკის“ მიერ 200 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა სატელევიზიო პროექტში ”იდეა, ფული და ერთი შანსი”.
