LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული უბანი ვერაა

2014 წლიდან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განვითარების პროგრამას ახორციელებს.

თბილისის ცენტრალურ ტერიტორიებს შორის, ჰაერის და გარემოს სისუფთავით, ბაგები ლიდერობს, სადაც ხმაურის და გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

ბაგებთან ერთად, ქალაქის ყველაზე მწვანე ზონად კუს ტბის ტერიტორია გვევლინება, ცენტრიდან შედარებით მოშორებით მყოფ უბნებში კი, მოწინავე პოზიციას ვაშლიჯვარი იკავებს.

ეკოლოგიურად სუფთა უბნებად დიდი დიღმის, თემქის, ორხევის, ლოტკინის, ნავთლუღსა და ფონიჭალას შორის მდებარე ტერიტორიები დასახელდნენ.

რაც შეეხება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ტერიტორიებს, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი – ვერა გამოირჩევა.

შემდეგ საფეხურს სოლოლაკი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და აღმაშენებლის გამზირი იკავებენ. ჰაერის შემცველობაში მყოფი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფილარმონიის მახლობლად კოსტავაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, ორთაჭალის ხიდის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე, მიმდებარე ქუჩებზე, ჭავჭავაზის გამზირზე, აბაშიძისა და ჩარგლის ქუჩებზე ფიქსირდება.

თბილისის ეკოსისტემის დაბინძურების გამომწვევი ერთ-ერთი გარემოებას როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურად შექმნილი გამწვანებული ზონების სიმცირე წარმოადგენს. დღესდღეობით თბილისში ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი ტრანსპორტის გამონაბოლქვია – მის შემცველობაში არსებული 200-ზე მეტი სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება ორგანიზმისათვის ძალიან საშიშ ქიმიურ გარემოს ქმნის.

წყარო “ინტერპრესნიუსი”