LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათს ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატს იწყებენ

10 იანვარს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, რომელშიც უკვე ზედიზედ მეორედ ქართველი წყალბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
კონტინენტის პირველობა სლოვაკეთისა და ესპანეთის მატჩით გაიხსნება. ჩვენები კი მომდევნო დღეს, 11 იანვარს ითამაშებენ პირველ თამაშს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, რუმინეთთან და გერმანიასთან ერთად.
პირველ შეხვედრას ჩვენი წყალბურთელები რუმინელებთან ითამაშებენ, შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

ჯგუფის მეორე ტურში ქართველები გერმანელებს, 13 იანვარს, 12:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

მესამე შეხვედრას კი საქართველო 15 იანვარს, 19:45 საათზე იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩები 16 და 17 იანვარს, მეოთხედფინალური 18-19 იანვარს, ნახევარფინალური 20 იანვარს, ხოლო ფინალი 23 იანვარს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრები ჯგუფში სლოვაკეთთან, პორტუგალიასა და შვეიცარიასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა. ჩვენმა წყალბურთელებმა აქაც მეორე ადგილი დაიკავეს (ჯგუფში ჰოლანდია, ლიტვა და ისრაელის ნაკრებები იყვნენ) და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.