LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამრღვევ კონტრაქტორ კომპანიებზე ზედამხედველობას მერიაც გაამკაცრებს

დამრღვევ კონტრაქტორ კომპანიებზე ზედამხედველობას თბილისის მერიაც გაამკაცრებს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც მერიისგან იღებენ ნებართვას, სპეციალურ დამატებით ზედამხედველობას დაექვემდებარებიან.

“გაკონტროლდება ზედამხედველობა იმისთვის, რომ ერთი მხრივ,ურთიერთობა არ გაცდეს სახელშეკრულებო ფარგლებს , მეორე მხრივ, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ თუ რამე სამუშაოს ასრულებს, სამუშაო დროულად და ხარისხიანად დაასრულოს“,- განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, განხორციელდება ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები.

”მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას, მოეკიდებიან მეტი პასუხისმგებლობით სამუშაოს ან მათზეც გავრცელდება შესაბამისი პასუხისმგებლობა” – აღნიშნა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას განცხადებით, მერიასაც შეექმნა პრობლემები რამდენიმე კონტრაქტორ კომპანიასთან, რომლებმაც სამუშაოები დროულად არ დაასრულეს.

„გზებთან მიმართებით იყო 2-3 კომპანია, რომლებსაც შეექმნათ მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და რომლებმაც დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები. ასევე არიან კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებსაც უზიანდებათ კომუნიკაციები ან დამატებით აქვთ გასაყვანი და ჩვენგან იღებენ ნებართვას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა დროულად დაასრულოს სამუშაო“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.