LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აპექსჯგუფი“ თბილისის მერიამ 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა #1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დეველოპერული კომპანია „აპექსჯგუფი“ აწარმოებს, რომლის მიმართაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარმოება პროექტის დარღვევისა დაუსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით აქვს დაწყებული.

პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე დაეკისრა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კომპანიამ მერიაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

გარდა ამისა, როგორც მერიაში დააზუსტეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქ. #5 ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საკითხი განიხილა ზონალურმა საბჭომ, რომელსაც პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

“საბჭოს სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აპექსჯგუფმა“ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული,”- განაცხადეს მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებული სივრცის, სკვერის გაშენება.

თბილისის მერია მზაობას გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო ინვესტორისა და დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ საკითხზე ღია დისკუსია გამართოს.

ალექსიძის ქუჩის მოსახლეობა მერიასთან ე.წ. აკადემქალაქში მშენებარე და დაგეგმილ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილია სამი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან ერთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მეორე კორპუსის საძირკველი შენდება, მესამის აშენება კი დაგეგმილია.