თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გლდანის I მ/რ-ში არსებული სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით თბილისის მერი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც ესწრებოდა.
გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისათვის სპორტული მოედანი ფუნქციონირებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის მოთხოვნაზე – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, უარყოფითი რეკომედაცია გაიცა.
საბჭოს წევრთა რეკომენდაციების საფუძველზე, დაუშვებელია სტადიონის ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება და სასურველია გამოიძებნოს სამართლებრივი საშუალება, რათა ტერიტორიას საზოგადოებრივ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ამასთან, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით გარემოცულ, კეთილმოწყობილ, მოქმედ სტადიონს, ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ სარეკრეაციო-სპორტულ სივრცეს, რომელიც ქმნის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მისი დემონტაჟი დაუშვებელია.
