LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორსულმა გოგომ გვითხრა, „მამა აფრიკაზე“ თუ არ ვიცეკვე, ისე ბავშვს არ გავაჩენო…“

Ardaidardo.Geდათო გომართელისა და „შვიდკაცას“ თანამშრომლობა დიდი ხანია, გრძელდება. 2 იანვარს, მათ ერთობლივ ღონისძიებაზე დასწრების იმდენი მსურველი აღმოჩნდა, რომ 13 იანვარს კონცერტს იმეორებენ. თან, ორი ახალი სიმღერაც აქვთ, რომელთა პრემიერაც „ფორტუნაში“ და „არ დაიდარდოში“ შედგა, ერთი უკრაინული სიმღერაა, მეორე ქართული სიმღერების პოპური. დათო გომართელსა და „შვიდკაცას“ წევრ გიორგი ლომთათიძეს ვესაუბრეთ.

დათო გომართელი:

ორი ერთობლივი სიმღერა ჩავწერეთ, რადიოპრემიერა დღეს შედგა, პრემიერა მსმენელისთვის – 2 იანვრის კონცერტზე, სადაც ბილეთები არ იშოვებოდა და სწორედ ამიტომ ვატარებთ განმეორებით 13 იანვარს.


გიორგი ლომთათიძე:

მოხარული ვართ, რომ ორივე კარგი ნამუშევარი გამოვიდა. დათო გომართელის იდეა იყო უკრაინული სიმღერის ჩაწერა, ქართული პოპური კი ყველამ ერთად მოვიფიქრეთ, მიგვაჩნია, რომ ჩვენს მსმენელს ორივე ძალიან მოეწონება.


დათო, როგორ ხდება, რომ თქვენს კონცერტებზე დასწრების ბევრი მსურველია? რა საიდუმლო გაქვთ ასეთი?

(იღიმის) საიდუმლო არ მაქვს, მაგრამ რომ მქონდეს, არ გავამხელდი. ალბათ, პირველ რიგში, კეთილგანწყობის დამსახურებაა მაყურებლის მიმართ, მას ვერ მოატყუებ, გრძნობ, როგორ მღერი და როგორ აწვდი ამ ყველაფერს. ყოველთვის ვცდილობ, ჩემს კონცერტზე გასართობი გარემო შეიქმნას. უკვე მეხუთე წელია, 2 იანვარს ტრადიციად ჩამოყალიბდა კონცერტი. არსებობს ხალხი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის ახალი წელი დათო გომართელის კონცერტით იწყება. შესაძლოა, ითქვას, რაღაც ხერხემალი შეიკრიბა, რომელიც ყოველ წელს დადის და ახალ-ახალი ადამიანებიც ემატებიან. თან, სულ ვცდილობთ, სიახლეები შევთავაზოთ მსმენელს. ახლაც ჩავწერეთ ახალი სიმღერები. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წლევანდელ კონცერტს ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბუმი იყო და ისეთი კონცერტი გამოვიდა, რომელზეც ხალხი დღესაც ლაპარაკობს.


რის მიხედვით არჩევთ, რა უნდა ჩაწეროთ?

არ ვეთანხმები იმას, რომ ხალხის მოთხოვნის მიხედვით უნდა იმოქმედო. ხალხს უნდა შესთავაზო საუკეთესო, ხარისხიანი და ახალი და შეეცადო, ასწიო მათი გემოვნება, თუკი ეს შესაძლებელია. ადამიანებს ყოველთვის საინტერესოს ვთავაზობთ, რასაც აიტაცებენ. ვფიქრობ, ჩვენი ორი ახალი ნამუშევარია არასტანდარტული და საინტერესოა.


არასტანდარტულია თქვენი გამოსვლები ერთ-ერთ კლუბში, ნახევრად შიშველ გოგონებთან ერთადაც…

(იცინის) ეს იდეა თავად კლუბს ეკუთვნოდა. სხვათა შორის, ძალიან კარგი გოგონაა, ქართველი, რომელიც ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს, დანარჩენი გოგონები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან.


37 მანეთად ვეღარ იღებენ ბილეთს ქართველი მამაკაცები და აქეთ ჩამოდიან ქალბატონები.

(იღიმის) როგორ არ იღებენ, ახლა უკრაინაში დაფრინავენ, ვიზა არ არის საჭირო.


ვიზა ევროპაშიც აღარ იქნება საჭირო…

ევროპაში ცოტა გაუჭირდებათ სლავური წარმოშობის ქალების მოძებნა (იღიმის).


გიორგი, თქვენკენ კიდევ რა არის საინტერესო?

ხვალინდელი საღამოს შემდეგ, „შვიდკაცა“ მივემგზავრებით ბერლინში, მაისში კი ჩვენი და დათო გომართელის ტანდემი გვინდა, ნიუ იორკში გადავიტანოთ, ახლა წყდება საორგანიზაციო საკითხები. მოგეხსენებათ, იქ არ არის ადვილი კონცერტის ორგანიზება. ვცდილობთ და ვნახოთ, მილენიუმის დარბაზში გვინდა ამ საღამოს დაგეგმვა.


ისე, ბედობაზე ამდენი ვისაუბრეთ და თუ გჯერათ?


დათო:

სხვათა შორის, პირველად ბედობაზე კონცერტი ხუთი წლის წინ გავმართეთ და მართლაც დაგვებედა ერთმანეთი, ასე რომ გვჯერა ნამდვილად (იღიმის). შემდეგ წელს უფრო დიდ დარბაზში გავმართავთ. ვერ წარმოიდგენთ, ისეთი ხალხი რეკავდა ამ კონცერტის ბილეთებზე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.


გიორგი:

ჩემი ძმის ცოლი ორსულადაა, დღე-დღეზე ელოდება ბავშვს, მეუბნებოდა, ნეტავ, ორ იანვრამდე არ გავაჩინოო და თუ გინდა, იმ კონცერტიდან პირდაპირ სამშობიაროში წავიდეთ, სანამ „მამა აფრიკაზე“ და თქვენს სიმღერებზე არ ვიცეკვებ, მანამდე ბავშვს არ გავაჩენო (იცინიან).


დათო:

სხვათა შორის, რამდენიმე ორსული გოგონა კიდევ იყო ჩვენს კონცერტზე და ყველაზე მეტი მათ იცეკვეს (იღიმის).

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge