LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრინპაკი“ წარმოებული პროდუქციის აზერბაიჯანში, სომხეთში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს

შპს „გრინპაკი“ წარმოებული პროდუქციის გაზრდას და  აზერბაიჯანში, სომხეთში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს.

შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა  (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე არამოქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.

კომპანიამ გაფართოვების შესაძლებლობა სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვის შემდეგ მიეცა.

მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს საწარმოს მშენებლობის პროცესი  თბილისში, სადაც დასაქმებულია 15 ადამიანი. საწარმოს სრულად ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა   35-40 ადამიანს მიაღწევს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის ივნისიდან დღემდე,  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით დამტკიცებულია  146  საწარმოს პროექტი,  ინვესტიციის ჯამური მოცულობა  366 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმდება 7000-ზე მეტი ადამიანი.