LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ღვინის მარანი მანაველის” მარანი ტურისტების მისაღებად მზადაა

კომპანია ”ღვინის მარანი მანაველი” გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია, უახლოეს მომავალში საკუთარ პროდუქციას ქართულ ბაზარზეც უფრო აქტიურად გამოიტანს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, თიკა ჩიყლაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია 100-მდე ქვევრს ფლობს. აქედან 80  ორტონიანი ქვევრია, 20-მდე ქვევრი კი შედარებით მცირე მოცულობისაა.

”ვემზადებით ახალი ტურისტული სეზონისთვის. ფართოვდება ჩვენი მარანიც. შესაბამისად, მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოსკენ უკვე შევძლებთ ჩვენთან მოსულ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურების რამდენიმე პაკეტი შევთავაზოთ –  ეს იქნება ღვინის დეგუსტაცია, მარნების დათვალიერება თუ სხვა, ”- განაცხადა თიკა ჩიყლაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ 2015 წელს 60 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხა, წელს კი ეს მაჩვენებელი 180 ათას ბოთლამდე გაზარდა.

”შესაბამისად, პროდუქციის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში,  ექსპორტზე გასვლას და ადგილობრივ ბაზარზე უკვე აქტიურად გამოჩენას ვგეგმავთ. ამჯერად ჩვენი პროდუქცია რამდენიმე ღვინის გალერეასა და რესტორანში იყიდება”, – აღნიშნა კომპანის დირექტორმა.

შპს ”ღვინის მარანი მანაველი” 2014 წელს დაარსდა. კომპანია ამ ეტაპზე ღვინის რამდენიმე სახეობას, ჭაჭასა და ლიქიორს აწარმოებს.