LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაზსერიები 8 თებერვალს რემზი ლიუისის კონცერტით გაიხსნება

კითხვაზე, რა უნდა ვაკეთოთ ქართველმა მელომანებმა ოქტომბერსა და ივლისს შორის, ანუ თბილისისა და ბათუმის ჯაზფესტივალების დიდხნიანი პაუზის ჟამს, უკვე მეხუთე წელია, ერთი შესაბამისი პასუხი მოიძებნა – შეგვიძლია ვიაროთ ჯაზსერიებზე, რომელსაც „თბილისი ივენთ ჰოლში“ „ისტერნ პრომოუშენი“ წარმოგვიდგენს.

ჯაზსერიები საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა, კლუბურ სიტუაციაში თანამედროვე ჯაზსამყაროს შესანიშნავი წარმომადგენლების მოსმენა ძალიან დიდი სიამოვნებაა. დიდ საკონცერტო სივრცესა და კლუბში გამართულ მუსიკალურ შეხვედრებს შორის საგრძნობი განსხვავებაა, თანაც, ჯაზსერიების ავტორები დიდი ყურადღებით არჩევენ იმ მუსიკოსებს, რომელთა ჯაზური იმპროვიზაციები ქართველი მსმენელისთვის საინტერესო მოსასმენი იქნება.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათთვის, ვისაც ინსტრუმენტული ჯაზი ენატრება, ზემოხსენებული სერიები ნამდვილი მისწრებაა. განსაკუთრებით ეს პროგრამის გაცხადების შემდეგ გახდა ნათელი.

8 თებერვალს, თბილისს, ლეგენდარული პიანისტი და კომპოზიტორი, რემზი ლიუსი ესტუმრება ტრიოსთან ერთად. 3 „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრება მელომანებისთვის ნამდვილი ფუფუნებაა. მუსიკალურ სამყაროში მოღვაწეობა 1956 წელს პირველი ალბომით დაიწყო და მას შემდეგ მის ანგარიშზე 5 „ოქროს ჩანაწერი“ და ათეულობით ალბომია.

2006 წელს, დღის სინათლე იხილა 13 ეპიზოდისგან შემდგარმა ტელეგადაცემამ, „ჯაზის ლეგენდები“, რომელსაც სწორედ რემზი ლიუისი უძღვებოდა და მონაწილეობდნენ ჟანრის ბრწყინვალე წარმომადგენლები: დეივ ბრუბეკი, პეტ მეთენი, ტონი ბენეტი და სხვანი. სხვათა შორის, ზემოხსენებული გადაცემა ორჯერ გავიდა „რუსთავი 2“-ის ეთერშიც და ქართველი მაყურებლისთვისაც ცნობილია.

9 მარტს მეორე არაჩვეულებრივი კონცერტი გველოდება. მუსიკოსებისთვის ბუგი ვესელტოფტის სახელი ბევრის მთქმელია. ნორვეგიელი პიანისტი მუსიკის კრიტიკოსებს არაერთხელ შეუქიათ თანამედროვე ჯაზში განსაკუთრებული, უნიკალური და ახალი ფერის შეტანისთვის. მას უამრავ ცნობილ მუსიკოსთან უმუშავია, ამ ჩამონათვალში სხვებთან ერთად იან გარბარეკიც გახლავთ.  ის აკუსტიკურ როიალზე დაუკრავს, თუმცა მასთან ერთად თბილისში პროექტ „ტეტ-ა-ტეტ“-ისთვის ჩამოდის შესანიშნავი ამერიკელი დრამერი და დიჯეი (ალბათ, გაგიკვირდებათ ამ ორი მიმართულების კომბინაცია),  კრისტიან პრომერი, მას აკავშირებს თანამშრომლობა ბრაიან ფერისთან, ჯო სემპლთან, ჯგუფთან „ინკოგნიტო“ და სხვა.

მუსიკოსების პროექტს კრიტიკოსებმა „მომავლის ჯაზი“ უწოდეს. თუკი გიყვართ პროგრესული მუსიკა, საინტერესო და ახალი მიგნებებით, ეს დღე ნამდვილად თქვენთვის არის განკუთვნილი.

ჯაზსერიების სიაში შემდეგია როი ჰარგროუ,  მესაყვირე, რომელიც ქართველი მსმენელისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. მან რამდენიმე წლის წინ ბათუმის ჯაზფესტივალზე ორი პროექტი ჩამოიტანა, ერთი კონცერტი კვინტეტთან ერთად ჰქონდა, მეორე კი გახლდათ „RH Factor“, რომელიც საქართველოში ძალიან კარგად მიიღეს. როი ჰარგროუს კიდევ ერთი კონცერტი ელის თბილისში, ორ აპრილს, კვინტეტთან ერთად. საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოვა, ევროპული ტურნეს ფარგლებში, რაც უკვე ჩვენი ქვეყნისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა. დიდი მუსიკოსების ევროპულ ტურნეებში თბილისსა თუ ბათუმში კონცერტების აღმოჩენა აღარავის უკვირს…

30 აპრილს კი მსოფლიო ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სურვილით, ამ თარიღთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტი პლანეტის საუკეთესო ჯაზმუსიკოსების მონაწილეობით, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოც, რასაკვირველია, უერთდება ამ ზეიმს და 30-ში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში განსაკუთრებულ საჩუქარს ამზადებს მსმენელისთვის. All Star Band-ს, ლათინური ჯაზის წარმომადგენელთა შემადგენლობით და ცეცხლოვანი სახელწოდებით „Volcan“. ბენდის წევრები არიან: პიანისტი გონაზლო რუბალკაბა, პერკუსიონისტი ჯოვანი ჰიდალგო, დრამერი ჰორაციო „ელ ნეგრო“ ჰერნანდესი, ბასისტი არმანდო გოლა. თითოეული ბრწყინავს საკუთარი შემოქმედებით, თუმცა ერთად ისინი მსმენელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებენ. სანამ სცენას ზემოხსენებული ბენდი დაიკავებს, საზოგადოების წინაშე წარდგებიან ქართველი ჯაზმუსიკოსები.

აღსანიშნავია, რომ „TBC Status“-ის მუდმივი პარტნიორობის წყალობით, „ისტერნ პრომოუშენი“ მსმენელს ბილეთებზე ფასდაკლებებს სთავაზობს. გარდა ამისა, ჯაზსერიებისთვის შეიქმნა აბონემენტების სისტემა და ოთხივე კონცერტზე დასასწრები აბონემენტის შეძენა 250 ლარად შეგიძლიათ.

ნინო მურღულია