პარალონის მწარმოებელი ქართული კომპანია ”დენოლა” საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა კახა მოსიძემ განუცხადა, ქართული ”ღრუბელი” და ”ზამბარა” უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებში გავიდეს.
” ამ ეტაპზე ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული. ვთანამშრომლობთ ძირითადად ავაჯისა და მატრასის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც საკუთარი პროდუქციის დასამზადებლად ჩვენს ღრუბელსა და ზამბარებს იყენებენ. თუმცა, სამომავლოდ არც ექსპორტზე გასვლას გამოვრიცხავთ”,- აღნიშნა მოსიძემ.
”დენოლას” დირექტორის ინფორმაციით, პარალონის საწარმოს ასაშენებლად 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო პროექტის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდა. ამ ეტაპზე აქ 50 ადამიანია დასაქმებული.
