ევროკავშირმა დადებითად შეაფასა GSP+ (ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მიერ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისა და ეფექტურად განხორციელების კუთხით გაწეული სამუშაო. ამის შესახებ “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, იმის გამო, რომ საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცე, აღნიშნული რეჟიმი (GSP+) საქართველოსთვის 2016 წლის ბოლოს გაუქმდება.
ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა, რომელიც 1971 წლიდან მოქმედებს, მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს სიღარიბის შემცირებაში, კარგი მმართველობის დანერგვასა და მდგრადი განვითარების კუთხით. ეს სისტემა აგრეთვე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს, მეტი შემოსავალი მიიღონ საერთაშორისო ვაჭრობიდან.
სპეციალური პრეფერენცია მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობისთვის (ე.წ. GSP+) უზრუნველყოფს სატარიფო ხაზების 66%-ზე მოსაკრებლის სრულ გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია ეკონომიკური დივერსიფიკაციის და იმპორტის მოცულობის კუთხით. აღნიშნულის სანაცვლოდ, ბენეფიციარმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება და ეფექტური განხორციელება.
საქართველოსთვის GSP+ ძალაში დარჩა DCFTA-ის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში და 2016 წლის ბოლოს გაუქმდება.
